სიახლე
"მარნეულის მოსახლეობას ხვალიდან საკუთარი პროდუქტის რეალიზაციის საშუალება მიეცემა" - მამუკა ნავერიანი

მარნეულის მოსახლეობას ხვალიდან საკუთარი პროდუქტის რეალიზაციის საშუალება მიეცემა.
ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ნავერიანმა უთხრა. ნავერიანი განმარტავს, რომ ერთ-ერთ მსხვილ ორგანიზაციასთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და მარნეულიდან პროდუქტებს საკარანტინო პირობების დაცვით გაიტანენ.

„დღეს იყვნენ ჩამოსულები ერთ-ერთი საბითუმო ქსელის წარმომადგენლები. ხვალიდან დაიწყება ტვირთის საბითუმოდ გატანა მარნეულიდან. ჩვენ კომპლექსურად ვიმუშავეთ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან და მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში. შეიქმნა მარაგების ბაზა, რომელიც სოფლადაა შექმნილი და დაახლოებით 80% სიზუსტით მოხდა აღრიცხვა რა რაოდენობის კულტურის მარაგი არსებობს ამ ეტაპზე მარნეულში. - თქვა მამუკა ნავერიანმა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს, რომელსაც მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა აქვთ, შეუძლიათ სოფლის რწმუნებულებს ან საკრებულოს მაჟორიტარ-დეპუტატებს მიმართონ. სწორედ ეს ადამიანები იქნებიან ერთგვარი შუამავლები მუნიციპალიტეტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის.

„ამ ეტაპზე ძირითადად საუბარია კომბოსტოზე კარტოფილსა და მწვანილის რეალიზაციაზე. გარკვეულწილად ბოლოკზეც. მთავრი არის ის, რომ პროდუქციის გატანის დროს ჩვენ რომ არ დავარღვიოთ საკარანტინო პრინციპი, რამდენიმე მწარმოებელი საკუთარ პროდუქციას ერთ ადგილზე დააგროვებს, ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე (სოფელში), რათა ნაკლები კონტაქტი იყოს და სატვირთოები შეძლებენ პროდუქტის გატანას და ეს ყველაფერი ნაღდი ანგარიშსწორებით მოხდება“

ნავერიანის თქმით, ეს ხოლოდ ერთადერთი საბითუმო კომპანია არაა, რომელიც მარნეულიდან პროდუქტს გაიტანს. მოლაპარაკებები სხვა სავაჭრო ობიეტებთანაც აქტიურად მიმდინარეობს. პასუხები კი ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

„მინდა აღვნიშნო, რომ როგორც კი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა, მყისიერად სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ჩამოვიდა წარმომადგენელი. ეს პროცესები მათთნ კომუნიკაციის და შუამდგომლობის შედეგია“

მარნეულის ბაზრიის ტერიტორია სრულად 6 აპრილს ჩაიკეტა. როგორც ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ ეტაპზე დეზინფექციის სამუშოები ტარდება და ბაზრის გახსნის კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის.

გარეკანის ფოტო: მარნეულის საკრებულო
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია