კირაჩ მუღანლოში თვითიზოლაციაში მყოფ ოჯახებს მერიამ პროდუქტები გადასცა
სოფელ კირაჩ მუღანლოში თვითიზოლაციაში მყოფ ოჯახებს მარნეულის მერიამ პროდუქტები გადასცა. რადიო „მარნეულმა“ დღეს, 9 აპრილს, მოამზადა სიუჟეტი „თვითიზოლაციაში მყოფი ოჯახები პროდუქტებით მომარაგებას მერიისაგან ითხოვენ“.

გასულ კვირას კირაჩ მუღანლოელ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. მისი ოჯახი, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

ინფიცირებულ ქალს ოთხი ოჯახის წევრი ჰყავს. ოჯახის წევრებმა გვითხრეს, რომ პოლიციამ მათ 14 დღის განმავლობაში სახლიდან გასვლა აუკრძალა და უთხრეს, რომ საჭირო სურსათი მათ ახლობლებს ეყიდათ და კართან დაეტოვებინათ.

ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ამ დღეების განმავლობაში ნათესავები და მეზობლები მათ პურს, წყალს და საჭირო ნივთებს აწვდიან.

დაინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები წუხდნენ, რომ საკმარის საკვებ პროდუქტს ვერ შოულობდნენ, რადგან სოფელში მძიმე ეკონომიკური ფონია შექმნილი და ვერავის ვერ სთხოვდნენ დახმარებას.

რადიო „მარნეული“ მიერ სიუჟეტის მომზადების შემდგომ მარნეულის მერიამ ოჯახებს საკვები პროდუქტი გადასცა. ინფორმაცია ერთ-ერთმა ოჯახის წევრმა მოგვაწოდა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

31 მარტიდან, საქართველოში მოქმედებს კომენდანტის საათი, მოსახლეობისათვი საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.
რადიო „მარნეული“




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები