ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის 27 კონტაქტია დადგენილი - ზაურ დარგალი
დღეს, 10 აპრილს, მარნეულში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ ინფიცირებული ქალი სოფელ მარადისიდანაა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქალის კონტაქტების დადგენა. უკვე 27 კონტაქტია დადგენილი და ყველანი გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში“ - განაცხადა მარნეულის მერმა

რადიო „მარნეულს“ ერთ-ერთმა მარადისელმა უთხრა, რომ ქალს საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია.

„ამბობენ, ბანკში იყოო და შეილება იქედან გადაედო ვირუსიო, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არავის აქვს“ - გვითხრა ერთ-ერთმა მარადისელმა

49 წლის ქალი დღეს, 10 აპრილს, თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას "ჯეო ჰოსპიტალის" მარნეულის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა იოსებ მგალობლიშვილმა თქვა, 9 აპრილს კლინიკიდან კორონავირუსზე ტესტირება 3 ადამიანს ჩაუტარდა.

"გუშინ გაგზავნილი ნიმუშებიდან ერთს დაუდასტურდა Covid 19-ის ინფექცია. იგი გახლავთ შუახნის ქალბატონი, მარნეულის რაიონში მცხოვრები. ის მხოლოდ და მხოლოდ ცხელებას უჩიოდა ბოლო სამი დღის განმავლობაში" - განაცხადა იოსებ მგალობლიშვილმა

"ჯეო ჰოსპიტალის" მარნეულის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ დღეს, 10 აპრილს, კლინიკაში კორონავირუსისათვის დამახასიათებელი, საეჭვო, სიმპტომით ერთი ადამიანია. მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები