მარნეულის სკოლებს სექტემბრიდან ქართული ენის დამხმარე პედაგოგები აღარ ეყოლება
სიჟეტის მოსმნა შეგიძლიათ აქ:


9 აპრილს, მარნეულის არქართულენოვანი სკოლების დამხმარე პედაგოგებმა შეიტყვეს, რომ ისინი, როგორც დამხმარე პედაგოგები, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამით სექტემბრიდან ვეღარ ისარგებლებენ. მიზეზები არავის განუმარტავს, გაფრთხილება კი რამდენიე თვით ადრე მიიღეს. სალომე ქირია 8 წლის წინ ზუგდიდიდან მარნეულში გადმობარგდა. მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლა იყო. მუშაობა საბირქენდის საჯარო სკოლაში ქართული ენის დამხმარე მასწავლებლად დაიწყო. მისთვის გუშინდელი დღე ძალიან ემოციური იყო, თვლის, რომ მათი ყოფნა არაქართულენოვან სკოლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, რომ საჭირო რესურსი ვართ სკოლებში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და ძალიან გული დამწყდა. პირველი ჩემი მოსწავლეები გამახსენდა. ჩვენ მთელი სამი წლის პროგრამა გვქონდა დაწერლი პროექტის სახით თუ რა უნდა გაგვეკეთებინა სამომავლოდ. გამოდის, რომ ყველაფერი წყალში იყრება. იცით როგორი წარმოდგენა მაქვს? ბავშვებთან ერთად რომ ააშენებ სახლს და უცებ რომ ჩამოიშლება ეს ყველაფერი - აი, ეს განცდა დამეუფლა. მე ვერ ვფიქრობ ახლა რა შეიძლება გავაკეთო. უბრალოდ ერთი რამ ვიცი, რომ ჩემს მოსწავლეებს ვერ დავტოვებ და ვერ ვუღალატებ“ - თქვა სალომე ქირიამ, რომელსაც სკოლაში დამატებით მხოლოდ 5 საათი აქვს, ხუთი საათი, კი მისთვის როგორც უფროსი მასწავლბლისთვის 240 ლარს შეადგენს. ამ თანხით არსებობა კი როგორც თავად ამბობს, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიულ მხარდაჭერის პროგრამას წლებია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. სწორედ ამ პროგრამაში, რომელსაც თავდაპირველად „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ერქვა შვიდი წლის წინ მაიკო კენიაშვილი ჩაერთო. გორიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოს სკოლაში ჩამოვიდა და ერთ-ერთ ოჯახში, სრულიად განსხვავებულ გარემოში გააგრძელა ცხოვრება.

„მარტო გაკვეთილით არ შემოფარგლება ჩვენი ურთიერთობა, სკოლის გარეთაც არასაგაკვეთილო საათებში, შეხვედრები, ექსკურსიები და ათას პროექტებს ვახორციელებდით, რათა ქართული ენა უფრო მეტად ახლოს იყოს მათთვის. პროექტის გარეშეც შემიძლია მე იმ სკოლაში დარჩენა იმდენად ვარ იმ სოფელს შეჩვეული, თუმცა არ მინდა ეს პროექტი გაუქმდეს. ძალიან დიდ შანს აძლევს ეს პროექტი ბავშვს განვითარებისთვის. ელემენტარულად ავიღოთ, ჩემს სოფელში ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც ახლა ილიას უნივერსიტეტში სწავლობს, სოფელში რომ ჩავედი საერთოდ ვერ ლაპარაკობდა ქართულად, ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა ჩასულ მასწავლებლებთან, ასე ვთქვათ ძალის გამოყენებით მომყავდა სკოლაში. ნელ-ნელა რომ დაინახა როგორი კარგია ინტეგრაცია და რამდენიმე პროექტში ჩავრთე, ამ ბავშვის ქცევები ძალიან შეიცვალა. მანამდე განათლების მიღებაზე არც ფიქრობდა“

სოფელ დაშტაფას საჯარო სკოლის ქართული ენის დამხმარე პედაგოგითვის, ნატო სახარაძისთვისაც მოულოდელი იყო პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღება. თვლის, რომ ამ პროგრამამ ბევრი რამე გააკეთა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვთ.

„გარდა ქართული ენი სწავლებისა, გევალებოდა ღონისძიებების ჩატარება ყეოველ დღესასწაულზე და მნიშვნელოვან თარიღებზე. ძალიან ბევრ რამეს იგებდნენ მოსწავლეები. თან ახლა, ამ პერიოდში, როცა ასეთი ამბავი იყო. რომ აღმოჩნდა, რომ მარნეულში ქართული არ ესმოდათ იმ დონეზე კარგად, რომ გაეგოთ თუ რა იყოს ეს ვირუსი (კორონავირუსი) ახლა აუქმებენ ამ პროექტს, როცა ყველაზე დიდი საჭიროებაა და ყველა მიხვდა, რომ თურმე საჭიროა ეს პროექტი, რომ ყველამ ისწავლოს ქართული“

გაირკვა, რომ არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამა ორ - კონსულტანტ და დამხმარე მასწავლებლებს აერთიანებს. პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებას მხოლოდ დამხმარე პედაგოგები ვეღარ შეძლებენ, თუმცა რა მიზეზით, ამ ეტაპზე ამას მასწავლებელთა პრფესიული განვითარების ცენტრში ვერ გვიკონკრეტებენ.

„პროგრამა არ უქმდება, ახალი სასწავლო წლიდან თანამშრომლობა არ გაგრძელდება დამხმარე მასწავლებლებთან - ეს ცვლილება შედის. დამხმარე მასწავლებლებთან მოხდა კომუნიკაცია და ინფორმაცია მიეწოდათ, რომ იზრუნონ პროფესიულ საგამოცდო გეგმებზე. დარეგისტრირდნენ გამოცდაზე თუ ჩასაბარებელი აქვთ და ასე შემდეგ. მათ აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება და შეუძლიათ მიიღონ იმ ვაკანსიებში მონაწილეობა, რომელიც გამოცხადდება სკოლებში“ - თქვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა, ლევან ჟორჟოლიანმა.

აღსანიშნავია, რომ არაქართულენოვანი სკოლებს დამხმარე მასწავლებლები ქართული ენის გარდა, ისტორიასა და გეოგრაფიაშიც ჰყავს.

მარნეულს, ამ ეტაპზე, 47 დამხმარე მასწავლებელი ჰყავს, მათი პროგრამით განსაზღვრული სახელფასო ანაზღაურება კი დაახლოებით  600 ლარს შეადგენს. 

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები