აუცილებელი საჭიროებებისათვის სოფლის მოსახლეობამ რწმუნებულებს და დეპუტატებს უნდა მიმართონ
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მანქანით გადაადგილების საშვებს ძირითადად სადისტრიბუციო მომსახურეობისათვის გასცემს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა, რომ მერია, ძირითადად, მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ საჭირო და აქტუალურ პროდუქტებზე აკეთებს დაშვებას.

„არის ასევე გამონაკლისები, ეს ეხება ფერმერებს და ა.შ. რასთან დაკავშირებითაც ხდება საშვის დაშვება. ამ მიმართულებით მერიაში რამდენიმე ადამიანი მუშაობს, მერიის ცხელ ხაზზე ზარის შემოსვლის შემდგომ ისინი ამ ჯგუფთან გადამისამართდებიან და შემდეგ ხდება საშვის დაშვება“ - გვითხრა ნინო დეკანოიძემ

მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ მანქანით გადაადგილებაზე საშვის დაშვების გადაწყვეტილება თითოეულ შემთხვევაზე ინდივიდუალურად მიიღება.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილების საშვები აქვთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს.

„თუ სოფელში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროება აქვს და ადამიანს აუცილებლად სჭირდება წამალი ან საკვები პროდუქტი და ვერ გადაადგილდება, მას რწმუნებულთან ან დეპუტატთან აქვს კონტაქტი და მათი მეშვეობით ხდება მოქალაქის დახმარება“ - გვითხრა ნინო დეკანოიძემ

საქართველოს მასშტაბით, მანქანით გადაადგილება 17-დან 21 აპრილამდე პერიოდით შეიზღუდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობია მოიხსნება თუ არა შეზღუდვა 21 აპრილის შემდგომ.

მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრი კარანტინის ზონად 23 მარტს გამოცხადდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

Print