„თუ გვინდა რომ ბაზარმა იმუშაოს ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ“ - ზაურ დარგალი
დღეს, 27 აპრილს, მარნეულის საბითუმო ბაზარი გაიხსნა. ბაზრის შესასვლელში მოქალაქეებს უტარდებათ თერმო სკრინინგი, მერიის წარმომადგენლები არიგებენ პირბადეებს და ყველა მანქანა, რომელიც ბაზარში შედის, სადეზინფექსიო ხსნარით მუშავდება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა განაცხადა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი მუშაობს, რომელიც 15 ადამიანისაგან შედგება.

„ხალხის ნაკადი დიდია, თუმცა ის რეკომენდაციები, რაც გვაქვს, მაქსიმალურადაა დაცული. ჩვენ ყოველდღიურად გავაკონტროლებთ აქ სიტუაციას. ჩვენთვის და მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბაზრის გახსნა, თუმცა მე მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ თუ გვინდა, რომ ბაზარმა იმუშაოს ჩვენ ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ. თუ არ დავიცავთ ამ რეკომენდაციებს, ეს ბაზარი ვერ იმუშავებს“

მარნეულის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე შესვლისას დაიცვან სოციალური დისტანცია და ადგილზე პირბადეებით მივიდნენ.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საერთო საქმე. თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ ბაზრობამ იმუშაოს, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა გავაკეთოთ ყველადერი ამისათვის. თუ დარღვეული იქნება მოსახლეობის უსაფრთხოება, ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ დაიკეტოს ბაზარი

ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ მარნეულის მერია მთელი თავისი რესურსებითაა ჩართული ბაზრის გახსნის პროცესში.

მარნეულის სოფლების მოსახლეობას, რომელთაც ქალაქის ჩაკეტვისა და ბაზრის დახურვის გამო სასოფლო სამეურნეო პროდუქტების რეალიზაცია უჭირდათ დღეიდან შესაძლებლობა ექნებათ, რომ მათი პროდუქტი მარნეულის ბაზარში გაყიდონ. მარნეულის მერი განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტში სადისტრიბუციო კომპანიები კვლავ შემოვლენ და მოსახლეობას პროდუქტის გაყიდვა საქართველოს მასშტაბითაც შეეძლება.



მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრი კარანტინის რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის დაინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. მუნიციპალიტეტი ჩაკეტილია. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები