მოსახლეობას უფრო მეტად ინფორმაციის მიღება უნდოდა - ლაშა ლობჯანიძე მერიის წინ გამართულ აქციაზე
დღეს, 27 აპრილს, მარნეულის მერიის წინ ხალხმრავლობა იყო. როგორც ტელეკომპანია „მთავართან“ მიცემულ ინტერვიუში მერიის წინ შეკრებილი მოსახლეობა ამბობს, ისინი მარნეულში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ ფონს აპროტესტებდნენ და მერიისაგან დახმარებას ითხოვდნენ.

„ძალიან ცუდ დღეში ვართ, ოჯახში მშიერი და ავადმყოფი შვილი მყავს, ყველაფერი დაკეტილია. როგორ უნდა ვიმუშაოთ? ამდენი ხალხი აქ იმიტომ მოვედით, რომ დავიღალეთ ამ გაჭირვებული ცხოვრებით. ერთჯერადი დახმარებით 3 ან 5 დღე შეიძლება გავიტანოთ თავი, ჩვენზე არავინ არ ფიქრობს“ - განაცხადა აქციის ერთ ერთმა მონაწილემ

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, აქციის მონაწილეები ძირითადად არა სოციალური პრობლემების გასაპროტესტებლად, არამედ ინფორმაციის მისაღებად იყვნენ მერიის წინ მისული.

„მუნიციპალიტეტი ჩაკეტვის დღიდან ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად და არაა ობიექტური ინფორმაცია იმის თქმა, რომ მარნეულის ჩაკეტვამ სოფლებში მძიმე სოციალური ფონი გამოიწვია. ჩვენ ვეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად საჭიროებენ მუნიციპალიტეტის დახმარებას, უფრო მეტად, მათ აინტერესებდათ ახალი რეგულაციები, კონკრეტულად კი მოხვდებიან თუ არა ისინი სამთავრობო პროგრამაში, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200 ლარს მიიღებს“ - გვითხრა ლაშა ლობჯანიძემ

მთავრობა გეგმავს დაეხმაროს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაში დაკარგეს სამსახური ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

როგორც 24 აპრილს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მთავრობა ამ მოქალაქეებს, 6 თვის განმავლობაში - თვეში 200 ლარის ოდენობით დაეხმარება. აღნიშნული სოციალური დახმარების გაცემა კი მაისიდან დაიწყება. ამ მიზნით ჯამში, 460 მლნ ლარია გათვალისწინებული.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ დარგობრივი სამინისტროები მიმდინარე კვირას გააკეთებენ პრეზენტაციებს თუ ვინ და რა წესით მიიღებს დახმარებას მთავრობისაგან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ კორონავირუსთან საბრძოლველად 2020 წლის ბიუჯეტის ფონდიდან 300 000 ლარი გამოყო. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტმა ამ ეტაპზე 150 000 ლარი დახარჯა. აქედან 100 000 ლარი მოსახლეობისათვის სოციალური პაკეტების დარიგებისათვის დაიხარჯა, ხოლო 50 000 სადეზინფექციო სამუშაოებისა და სხვა საჭიროებებისათვის გაიხარჯა.

მარნეულის მერის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკითხებში ადილ ალიევმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მარნეულის მერიას 8 200 სოციალური პაკეტი აქვს გაცემული, აქედან 7 500 პაკეტი პირველადი დახმარებაა, ხოლო დანარჩენი მეორეული ან მესამეული დახმარება.

„მოქალაქეს საჭიროებისამებრ ვეხმარებით, შეიძლება პირველ ჯერზე რომ დავეხმარეთ არ ეყო და ამიტომ არის შემთხვევები როდესაც მეორედ და მესამედ მიგვაქვს მათთან პაკეტები. ახლა ბოლო ეტაპი იქნება დახმარებების და მერე უკვე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს მერია გადაწყვეტილებას გააგრძელებს თუ არა მოსახლეობის დახმარებას“ - განაცხადა ადილ ალიევმა

მარნეულის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სურსათით მომარაგებაზე პასუხისმგებელმა პირმა განაცხადა, რომ ბოლო ეტაპზე მერია 1 000 პაკეტს დაარიგებს.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები