კორონავირუსი: მარნეულის მერიამ სარეზერვო ფონდის ნახევარი, 150 000 ლარი, უკვე დახარჯა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ კორონავირუსთან საბრძოლველად 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 300 000 ლარი გამოყო. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტმა ამ ეტაპზე 150 000 ლარი დახარჯა. აქედან 100 000 ლარი მოსახლეობისათვის სოციალური პაკეტების დარიგებისათვის დაიხარჯა, ხოლო 50 000 სადეზინფექციო სამუშაოებისა და სხვა საჭიროებებისათვის გაიხარჯა.

მარნეულის მერის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკითხებში ადილ ალიევმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მარნეულის მერიას 8 200 სოციალური პაკეტი აქვს გაცემული, აქედან 7 500 პაკეტი პირველადი დახმარებაა, ხოლო დანარჩენი მეორეული ან მესამეული დახმარება.

„მოქალაქეს საჭიროებისამებრ ვეხმარებით, შეიძლება პირველ ჯერზე რომ დავეხმარეთ არ ეყო და ამიტომ არის შემთხვევები როდესაც მეორედ და მესამედ მიგვაქვს მათთან პაკეტები. ახლა ბოლო ეტაპი იქნება დახმარებების და მერე უკვე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს მერია გადაწყვეტილებას გააგრძელებს თუ არა მოსახლეობის დახმარებას“ - განაცხადა ადილ ალიევმა

მარნეულის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სურსათით მომარაგებაზე პასუხისმგებელმა პირმა განაცხადა, რომ ბოლო ეტაპზე მერია 1 000 პაკეტს დაარიგებს.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები