მარნეულის ბაზრის ნაწილს მოვაჭრეები საკუთარი სახსრებით გაარემონტებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის წინა ბაზარში, სადაც ძირითადად ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები იყიდება, რამდენიმე დღეა სამუშაოები მიმდინარეობს.

მოვაჭრეები იჯარით აღებულ დახლებს შლიან და მათ მაგივრად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით, ახალ დახლებს ამზადებენ. ვაჭრების ნაწილმა დახლების გადაკეთება შეძლო, ხოლო ნაწილი, ფინანსების არქონის გამო, ვერ ახერხებს.

„ჩვენ გვეუბნებიან თვითონ დაშალეთ და გააკეთეთ ბაზარიო. თუ ვერ გააკეთებთ მაშინ არ გაიხსნებაო. ჩვენ საშუალება არ გვაქვს. იცით რომ ახლა ცუდი პერიოდია. არ ვიცით როგორ მოვიქცეთ. ჩვენ მრჩეველი გვჭირდება, რომ გვითხრას ჩვენ უნდა გავაკეთოთ თუ იმათმა. ამბობრნ, 25 რიცხვიდან ბაზარი უნდა გაიხსნას სასწრაფოდ უნდა გააკეთოთო და არ ვიცით რითი გავაკეთოთ. ბაზარი იხსნება თუ არა ამას ჩვენთან რა კავშირი აქვს. შესაძლებლობა არ გვაქვს და კიდევ იქ რა უნდა გავკეთოთ, მანდ გასაკეთებელი არაფერია, ყველაფერი მზადაა“ - გბეუბნება ერთ-ერთი მოვაჭრე

მოვაჭრე, რომელმაც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ვინაობის გამხელა არ ისურვა აცხადებს, რომ ბაზრის ადმინისტრაციას შესთავაზა, რომ დახლები თავად გადაეკეთებინათ რეკომენდაციების შესაბამისად, მაგრამ უარი მიიღო.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ბაზრის დირექტორმა საბა ნავერიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციას არ აქვს შესაბამისი სახსრები რომ მთელი ბაზარი საკუთარი სახსრებით გაარემონტოს.

„ჩვენ ვაკეთებთ ბაზრის წინა განყოფილებას, აგრალურ ბაზარს, და საპირფარეშოს ყველა რეკომენდაციის დაცვით. დაახლოებით თვის ბოლომდე უნდა მორჩეს სამუშაოები რათა ბაზარი გაიხსნას. ჩვენ მოვაჭრეებსაც ვესაუბრეთ და ყველა გაგებით მოეკიდა იმ ამბავს, რომ მათ უნდა გადააკეთონ დახლები. შევთავაზეთ, რომ თუ ამ თვეში ვერ მოახერხებენ შემდგომ თვეს გააკეთონ და თუ მერეც ვერ მოახერხეს, სავარაუდოდ, ადმინისტრაცია გაარემონტებს“ - გვითხრა საბა ნავერიანმა

საბა ნავერიანი განმარტავს, რომ მარნეულის წინა ბაზარი სავარაუდოდ 25 მაისს გაიხსნება და სარემონტო სამუშაოებიც ამ დრომდე უნდა დასრულდეს. დირექტორის თქმით, 25 მაისიდან ბაზრის ნახევარზე მეტი გაიხსნება, ხოლო სხვა დახლები ეტაპობრივად, მას შემდეგ ამოქმედდებიან, რაც მათ გადააკეთებენ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები