მარნეულში კორონავირუსზე ჩატარებული 1635 ტესტიდან ორია დადებითი
ექვსი მაისიდან ცხრა მაისამდე პერიოდში მარნეულის მუნიციპალიტეტში 1 635 PCR ტესტი ჩატარდა.

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ეპიდემიოლოგმა ფიქრია შავრეშიანმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ 1 635 ტესტიდან კორონავირუსი მხოლოდ ორ შემთხვევაში დადასტურდა.

„ორივე შემთხვევა ეკუთვნის მარნეულში უკვე ცნობილ, სასწრაფო დახმარების კლასტერს. სხვა შემთხვევები ვერ ვნახეთ და ეს ძალიან კარგია“ - განაცხადა ფიქრია შავრეშიანმა

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ეპიდემიოლოგმა განმარტა, რომ მარნეულში კორონავირუსზე გაფართოებული შემოწმებები ამ ეტაპზე გაჩერდა.

„ახლა გაგრძელდება ჩვეულებრივად მეთვალყურეობა იმ შემთხვევების ახლო კონტაქტებზე, მათ ოჯახის წევრებზე და შესაბამისად, სადაც საჭიროება გახდება, ამ შემთხვევაში, მიზნობრივი იქნება ტესტირება“

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ეპიდემიოლოგი ამბოს, რომ თუ რაიმე აუცილებლობა არ იქნება კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირებები მარნეულში აღარ ჩატარდება. რაც შეეხება მარნეულის მუნიციპალიტეტის გახსნას, ფიქრია შავრეშიანმა განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებიდან ძალაში რჩება დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება.

6 მაისს მარნეულში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირების პირველი ეტაპი ჩატარდა. ანალიზები სულ 303 მოქალაქეს აუღეს.

7 მაისს ჩატარებული 370 ტესტიდან მხოლოდ ერთი იყო დადებითი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების კლასტერიდანაა.

8 მაისს ჩატარებული 437 ტესტიდან ყველა უარყოფითი იყო.

ასევე, უარყოფითი იყო 9 მაისს ჩატარებული 525 ტესტის პასუხიც.
მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

18 მაისიდან მარნეული გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია, 7 მაისს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.


Print