"იაფად გავყიდეთ, მაგრამ გაფუჭებას სჯობს" - მარადისელი ფერმერი გაყიდულ მოსავალზე
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში მცხოვრებმა ნაირა პაქსაძემ 3 ტონა სალათის ფურცლის რეალიზება შეძლო. ამ პროცესში მას მარნეულის მუნიციპალიტეტი დაეხმარა. როგორც ნაირა გვიყვება დარჩენილი აქვს ორი ტონა მოსავალი, რომელიც შემსყიდველმა კომპანიამ არ წაიღო, თუმცა დაჰპირდენ, რომ სადისტრიბუციო მანქანა მასთან ისევ მივიდოდა. ერთ კილოგრამ სალათის ფურცელს პაქსაძეები აქამდე 5 ლარად ჰყიდნენ, ახლა კი 80 თეთრად მოუწიათ ჩაბარება.

„ იაფად გავყიდეთ, მაგრამ გაფუჭებას სჯობს. ახლა ასეთი დროა და რას ვიზამ, პრეტენზია ვინმეს მიმართ ნამდვილად არ მაქვს. პირიქით მადლობელი ვარ. ახლა დარჩენილი ორი ტონა აღარ წაიღეს. მითხრეს, რომ მეორე მანქანა ერთ კვირაში ჩამოვაო. მაქსიმუმ ორი სამი დღე გაძლოს სალათის ფურცელმა“ - თქვა ნაირა პაქსაძემ.

სადისტრიბუციო საკითხებს მარნეულში მამუკა ნავერიანი კურირებს. როგორც მან ჩვენთან საუბარში თქვა, მარადისელი ოჯახის მოსავალი მათი დახმარებით შპს „აგროცენტრისა“ და შპს „ტვ საფერავის“ წარმომადგენლებმა შეისყიდეს.

აღსანიშნავია, რომ ექვსი სახეობის სალათის ფურცელი პაქსაძეებს წლებია მოჰყავს, თუმცა რეალიზების პრობლემა მხოლოდ ახლა, მკაცრ კარანტინში დაწესებული შეზღუდვების გამო შეექმნა.ნაირა პაქსაძის ოთხსულიანმა ოჯახმა სასათბურე მეურნეობისათვის თანხა ბანკიდან გამოიტანა. კრედიტის ყოველთვიური გადასახადი 5 ათას ლარს შეადგენს.

გარეკანის ფოტო: ნაირა პაქსაძე
Print