როცა განათლების მიღება ინტერნეტზეა დამოკიდებული - სოფელი მარადისი
სოფელ მარადისში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. არც ერთ მათგანს საკაბელო ინტერნეტი არ აქვს. სოფლის მოსახლეობა საკაბელო ინტერნეტის არქონის გამო, ძირითადად, მობილურის ინტერნეტით სარგებლობს. მობილურ ინტერნეტს იყენებენ მარადისის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეებიც.

მარადისის საჯარო სკოლაში 82 მოსწავლე და 24 მასწავლებელია. მარადისის სკოლაში მეზობელი სოფლებიდანაც დადიან მოსწავლეები.

როგორც მარადისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანჟელა ბოლქვაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, მობილური ინტერნეტის გამოყენება მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვისაც რთულია.



ნაირა პაქსაძის შვილები მარადისის საჯარო სკოლაში სწავლობენ. მეათე და მერვე კლასის მოსწავლეები მობილური ინტერნეტის მეშვეობით ესწრებიან გაკვეთილებს.

„ჩემი შვილები 4-5-ჯერ მაინც ეთიშებიან ხოლმე გაკვეთილიდან და თავიდან უკავშირდებიან. მერე მასწავლებელი თითოეულს უკავშირდება და ეკითხება გაიგეს თუ არა რამე და რაიმე ხომ არ გამორჩათ და ძალიან წვალობენ. იმედია შემოვა ჩვენს სოფელშიც საკაბელო ინტერნეტი და დავისვენებთ ცოტას“ - გვითხრა ნაირა პაქსაძემ

მასწავლებლებისა და მოსწავლეების მსგავსად ექმნებათ პრობლემები მარადისელ სტუდენტებსაც. თამილა პაქსაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ნაირა პაქსაძის მსგავსად ისიც ამბობს, რომ ინტერნეტის უხარისხობის გამო, ლექციებიდან ხშირად ითიშება და სწორედ ამიტომ განათლების მიღებაც უძნელდება.

საქართველოს მასშტაბით, სკოლები და უნივერსიტეტები, ონლაინ სწავლებაზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გადავიდნენ. სასწავლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროცესი სექტემბრიდან განახლდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები