ფერმერები, ვისაც მიწები რეგისტრირებული არ აქვთ, სახელმწიფო დახმარების პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან
ფრიდონ ქველაძე მარნეულელი ფერმერია. დაახლოებით 5 ჰექტარ მიწას ამუშავებს და სხვადასხვა კულტურები მოჰყავს. ფრიდონს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში არ აქვს, მას ზეპირსიტყვიერად აქვს გაფორმებული შეთანხმება მიწის მეპატრონეებთან. სწორედ ამიტომ, ფრიდონი საქართველოს მთავრობის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამაში ვერ მოხვდა.

„ყოველწლიურად თითო ჰექტარში 800 ლარს ვიხდი. მე არ ვარ ამ მიწის მფლობელი და ეს პროგრამა, როგორც გავიგე, მე არ მეხება. დახმარება შეიძლება იმან აიღოს, ვინც მიწის მესაკუთრეა“ - გვეუბნება ფრიდონ ქველაძე

საქართველოს მთავრობის პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. სამთავრობო პროგრამაში ჩასართველად საჭიროა, რომ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში იყოს რეგისტრირებული.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი ავალიანმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ის ფერმერები, ვისაც სასოფლო-სამეურნეო მიწა რეგისტრირებული არ აქვთ, სახელმწიფო პროგრამაში ვერ მოხვდებიან.

„თუ პირს ოფიციალურად აქვს ნაქირავები მიწის ნაკვეთი და რეესტრშია გატარებული, შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ მათ სახელზეა ეს მიწა და ისინი მიიღებენ დახმარებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოგვაწვდის ამ ფერმერებზე ინფორმაციას და შესაბამისად მათ დაერიცხებათ დახმარება“ - განაცხადა გიორგი ავალიანმა

საქართველოს მთავრობის პროგრამა 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება. გიორგი ავალიანი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე 2020 წლის ბოლომდე დაირეგისტრირებს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, მას სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ექნება.

„მოქალაქეს შეუძლია დაირეგისტრიროს მიწის ნაკვეთი, შემდეგ მიმართოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივ ცენტრს და გააკეთოს განაცხადი, რომ მან დაირეგისტრირა ნაკვეთი და სურს პროგრამაში ჩართვა და ის ჩაერთვება პროგრამაში“ - გვითხრა გიორგი ავალიანმა

სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა გერონტი სივსივაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მარნეულში იმ პირთა წრის განსაზღვრა მიმდინარეობს, ვინც მთავრობის პროგრამაში ჩაერთვება.

„ჯერ დაზუსტებული არ გვაქვს ინფომრმაცია, მაგრამ სავარაუდოდ 18 000-დან 20 000-მდე ფერმერი იქნება. არის ბევრი ფერმერი, ვისაც 10 ჰექტრის ზევით აქვს მიწის ნაკვეთები და სწორედ ახლა მიმდინარეობს მსჯელობა თუ როგორ შეიძლება ისინი ჩაერთონ პროგრამაში, სწორედ ამიტომ ციფრები შეიძლება შეიცვალოს“ - გვეუბნება გერონტი სივსივაძე

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამაში ის ფერმერები ჩაერთვებიან, ვისი მიწის ნაკვეთიც 0,25-დან 10 ჰექტრამდეა. 0,25 ჰექტარი 50 ქულას უდრის, ერთი ჰექტარი კი 200 ქულას. ერთი ქულა ერთ ლარს უდრის.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი ავალიანი ამბობს, რომ ფერმერებს დარიცხული ქულების დახარჯვა მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში შეეძლებათ. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერს არ აქვს „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათი, რომელზეც ქულები უნდა დაირიცხოს, მას შეუძლია მიმართოს ბანკს და ბარათს უფასოდ დაუმზადებენ.

პროგრამის ბიუჯეტი 37 000 000 ლარია, მისი განხორციელება 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყება. საქართველოს მასშტაბით, პროგრამით 200 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.

რადიო „მარნეული“

გარეკანის ფოტო: ფრიდონ ქველაძეის ფერმა. აღებულია მარიამ ქველაძის ფეისბუქ გვერდიდან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები