EMC სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას უსამართლოდ აფასებ
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს მთავრობის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას უსამართლოდ აფასებს.

EMC პოზიტიურად აფასებს სახელმწიფოს მიერ ფერმერების მხარდაჭერას კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობის პირობებში, მაგრამ ამბობს, რომ ანტიკრიზისული გეგმა დახმარების გარეშე ტოვებს იმ ჯგუფებს, რომლებიც წლების მანძილზე ყველაზე უფრო ნაკლებად იყვნენ მხარდაჭერილი სახელმწიფოსაგან.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამაში ის ფერმერები ჩაერთვებიან, ვისი მიწის ნაკვეთიც 0,25-დან 10 ჰექტრამდეა. 0,25 ჰექტარი 50 ქულას უდრის, ერთი ჰექტარი კი 200 ქულას. ერთი ქულა ერთ ლარს ტოლფასია. პროგრამაში ჩართვა მხოლოდ იმ ფერმერებს შეეძლებათ, ვისაც მიწები დარეგისტრირებული აქვს. ასევე, იმ ფერმერებსაც, ვინც მიწის ნაკვეთს 2020 წლის ბოლომდე დაირეგისტრირებს.

EMC-ს განცხადებით, 2019 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში მიწის მხოლოდ 45%-ია რეგისტრირებული და მოსახლეობის წუხილი ხშირად იმას უკავშირედება, რომ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები საკუთრაბაში არ აქვთ.

„2016 წელს დაწყებული მიწის რეფორმის ფარგლებში ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. დარეგისტრირებისთვის საჭირო პროცედურების გავლას ხშირად დიდი დრო და რესურსები სჭირდება, რაც ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობებს, ყველაზე მეტად აბრკოლებთ.

ამასთან, მოსახლეობის ნაწილისთვის ბუნდოვანია, თუ როგორ იმოქმედებს მიწის დარეგისტრირება სოციალურ დახმარებასა და სერვისებზე წვდომაზე. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს სოციალური დახმარებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხი დამოკიდებულია ქონების რაოდენობაზე, მათ შორის, მიწის რესურსებზე, მიწის რეფორმების დაგეგმილ ღონისძიებებში მიმართვიანობა, როგორც წესი, დაბალია“
- წერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტი

EMC-ს ასევე წერს, რომ სოფელში მცხოვრები გლეხები ხშირ შემთხვევაში მიწის დიდ ნაკვეთებს არ ფლობენ და ისინი ქირაობენ მიწებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ.

„ამ კუთხით, მარნეულისა და ბოლნისის სოფლებში ჩვენი მუშაობის შედეგები აჩვენებს, რომ ადგილობრივ გლეხებს სეზონურად საშუალოდ 600 ლარი უჯდებათ ერთი ჰექტრის იჯარით აღება და დამუშავება, რომელსაც თან ახლავს სარწყავ წყალზე ხელმიუწვდომლობის სერიოზული პრობლემები, რომელიც, როგორც წესი, მათ ხელში აღმოჩნდება ხოლმე, ვინც უფრო დაახლოებულია ბიუროკრატიასთან. ამ პირობებში, ადგილობრივი გლეხების დიდი ნაწილს მხოლოდ საკარმიდამო მიწები აქვთ სოფლებში და ყოველდღიური შემოსავლის მისაღებად უფრო მსხვილ და საშუალო ფერმერებთან დაქირავებულ იაფ მუშახელად არის ჩართული და ძალიან მძიმე შრომას წევენ“ - წერს EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, უსამართლობის განცდას აჩენს ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში ქვემო ქართლის მოსახლეობის მაღალი წვლილის მიუხედავად სახელმწიფო ადგილობრივი გლეხების შრომას ზურგს არ უმაგრებს სათანადო ინფრასტრუქტურის, მხარდაჭერისა და რესურსების მიწოდების გზით.

EMC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ სამართლიანად გადაანაწილოს გამოყოფილი რესურსები და დამატებითი ძალისხმევა და რესურსები მიმართოს სასოფლო საქმიანობაში ჩართულ იმ პირებზე, რომლებიც ამ მხარდაჭერას ყველაზე მეტად საჭიროებენ, მიწის რესურსების რეალურად საკუთრებაში არქონის, სარწყავ წყალზე და სისტემებზე ხელმიუწვდომლობის გამო და ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეიმუშავოს სოციალური დახმარების პაკეტი სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვინც მიწის რეგისტრაციას ვერ შეძლებს და მათ შორის, დაქირავებულ მუშახელად მუშაობს საშუალო და დიდ ფერმებში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები