მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსზე ჩატარებული ხუთი ტესტის პასუხი უარყოფითია
14 მაისს მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსიდან“ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი კორონავირუსის ტესტების პასუხი უარყოფითია.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ ტესტების პასუხი დღეს, 15 მაისს, მიიღეს.

„სულ გაგზავნილი გვქონდა ხუთი პაციენტის ბიოლოგიური მასალა. ამ ხუთი პაციენტიდან სამი მარნეულელია, ერთი თეთრიწყაროელი, ერთი კი თბილისელი. ხუთივე მათგანის პასუხები უარყოფითია“ - შენგელაია განმარტავს, რომ თბილისელი ადამიანი, რომელსაც კორონავირუსზე ტესტირება მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ ჩაუტარდა, კლინიკის თანამშრომელია.

15 მაისის 12:00 საათის მონაცემებით, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით 6 პაციენტია შეყვანილი. სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის თქმით, დღის ბოლომდე პაციენტთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

18 მაისიდან მარნეული გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია, 7 მაისს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები