მშობლებისთვის ტვირთად ქცეული დისტანციური სწავლება
ქვეყანაში გავრცელებულმა ახალმა კორონავირუსმა მოსახლეობის ცხოვრების სტილი ბევრი მიმართულებით შეცვალა. ოფისში მუშაობა - სახლის იზოლირებულმა გარემომ და დისტანციამ ჩანაცვლა, განათლების სისტემამ კი ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. მარნეულის სკოლებში სწავლების ახალ მოდელზე გადასვლამ ბერი პრობლემა გამოკვეთა, მათ შორის ინტერნეტიზაციის, ტექნოლოგიებზე ხელმიუწვდომლობის, საზოგადოების ნაწილის კომპიუტერთან მუშაობის სუსტი უნარ-ჩვევების. ამ ყველაფერმა მშობლების პასუხისმგებლობა გააორმაგა და ბევრ მათგანს მძიმე ტვირთად ექცა.  

ორი თვეა, რაც სამი ტყუპის დედა, ოლგა ენდელაძე, სრულიად ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. საოჯახო და სამსახურის საქმეებზე ზრუნვას ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, მეოთხე კლასელი გოგონებისთვის სახლში ერთგვარი საკლასო ოთახის შექმნა დაევალა. ახალ „სასკოლო“ გარემოში  გამართული კომპიუტერი და ინტერნეტი მთავარ როლს ასრულებს. ოლგამ ეს რესურსიც მოიძია, თუმცა ამბობს, რომ მთავრი პრობლება ახლა პასუხისმგებლობაა, რომელიც დისტანციურ სწავლებაში მშობლებს დაეკისრათ.  



„ურთულესი, თითქმის შეუსრულებელი ამოცანის წინაშე ვართ მშობლები. დედები ხშირ შემთხვევაში არ ვართ საშიანო განათლების ორგანიზატორები. ეს სკითხი კიდევ უფრო რთულია დაბალ კლასებში, ეს უკვე რაღაცა ფსიქოლოგიური ძალადობის ამბავია, იმიტომ რომ მშობელმა მუდმივად უნდა აკონტროლოს და არა თუ ორგანიზება გაუწიოს. მე თუ მუდმივად ვკითხავ მთელი დღის განმავლობაში ერთდროულად სამ ბავშვს - შენ გააკეთე? შენ გააკეთე? შენ გააკეთე? ბავშვი მზად არ არის თვითორგანიზებისთვის, სასწავლო პროცესს თავად ვერ დაგეგმავს. მესმის რომ ონლაინ სწავლება ზრდასრულებში ძალიან ეფექტური მექანიზმია და მეც აქტიურად ვიყენებ. ფსიქოლოგიურად უზარმაზარი გამოწვევაა ჩემთვის, როგორც მშობლისთვის ერთი ბავშვი ვერ იტანს კომუნიკაციას კომპიუტერით და ძალიან განიცდიან ამას“.

ოლგას მსგავსად დისტანციურ სწავლებაში მეშვიდე კლასელის ჩართვა უჭირს მარნეულში მცხოვრებ ერთ-ერთ მშობელს, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა. ამ შემთხვევაში პრობლემები განსხვავებულია. დედამ კომპიუტერის გამოყენება არ იცის, სოფლის მეურნეობითაა დაკავებული და ხშირად, საოჯახო საქმეებით გადაღლილს, მთელი დღის განმავლობაში ბავშვებზე ყურადღების მიქცევა უჭირს.

„ჩემი შვილები ონლაინ გაკვეთილებში ვერ ერთვებიან. საკაბელო ინტერნეტი ვერ შემოვიყვანეთ.  ტელეფონის ინტერნეტით ვსარგებლობთ და ძალიან ცუდი ხარისხისაა. თვეში 10-15 ლარს ვრიცხავთ. და არც ესაა საკმარისი. საშუალება არ გვაქვს რომ დროულად ჩავრიცხოთ. ბავშვები ძალიან წვალობენ, ყოველდღე მეკითხებიან, სკოლა როდის დაიწყებაო“.

კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა სოფელ მარადისში, სადაც ინტერნეტი არ არსებობს. შეწუხებულები მშობლები ამბობენ, რომ დასახლებაში, სადაც ყოფითი პრობლემების მოგვარებაც კი უჭირთ, ახლა დამატებით სირთულეებს გადიან.



„ჩემი შვილები ოთხ-ხუთჯერ მაინც ეთიშებიან, ხოლმე, გაკვეთილიდან და თავიდან უკავშირდებიან (ინტერნეტს). მერე მასწავლებელი თითოეულს უკავშირდება და ეკითხება, გაიგეს თუ არა რამე და რაიმე ხომ არ გამორჩათ და ძალიან წვალობენ. იმედია, შემოვა ჩვენს სოფელშიც საკაბელო ინტერნეტი და დავისვენებთ ცოტას“, - გვეუბნება ნაირა პაქსაძე.

დისტანციური სწავლების სირთულეებზე საუბრობს საბირქენდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, სალომე ქირია. პედაგოგი ამბობს, რომ ახლა მთავარ როლში მშობლები გადავიდნენ, რომლებზეც მოსწავლეების მიერ განათლების მიღება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. მისი 22 მოსწავლიდან სასწავლო პროცესს აქტიურად 15 თუ ესწრება.

„მშობლების პასუხისმგებლობას ახლა ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ისინი არიან ჩვენს შორი ხიდი, რომ დისტანციური სწავლება წარიმართოს. თავიდან ძალიან რთული იყო, ახალ რეალობაში აღმოვჩნდით და არც ერთი მხარე არ ვიყავით მზად. რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, ნახევარი ბავშვი რჩება განათლების მიღების მიღმა. ოჯახს არ აქვს ტელეფონი, არის ძალიან ცუდი ინტერნეტი ან ტექნოლოგიების გამოყენება არ იციან. ამის შემდეგ მაინც უნდა გაითვალისწინონ, რომ გარკვეული კომპიუტერული უნარები უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს, რომ ასეთ სტრესულ პირობებში არ მოგვიწიოს გაკვეთილების ჩატარება“



განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია გვეუბნება, რომ ახლა ყველაზე კარგად გამოჩნდა მასწავლებლების საქმიანობის მნიშვნელობა, რომლებიც გაკვეთილების ჩატარების გარდა, მოსწავლეებს ასწავლიან ქცევას, ურთიერთობას და ცხადია, მშობლებს გაუჭირდათ ვალდებულებების გადაბარება.

„ვფიქრობ რომ ვითარება ყველასთვის რთულია. როგორც მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციისთვის და ზოგადად სახელმწიფოსთვის. გამოჩნდა, რომ სკოლები ასრულებენ არა მხოლოდ ცოდნის გაცემის ფუნქციას, არამედ არის სოციალიზაციის ადგილი და არის შესაძლებლობა მშობლებისთვის, რომ ის დრო, როდესაც ბავშვები არიან სკოლაში, დაუთმონ სხვა საქმეებს, გარდა ბავშვებზე ზრუნვისა. ეს ზრუნვა, როდესაც ბავშვები სკოლაში არიან, პასუხისმგებლობა გადადის სკოლაზე. მშობლებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაევალა, რათა ჩაერთოს უფრო მეტად სკოლის განათლებაში, დაეხმაროს გაკვეთილების ორგანიზებაში და დამატებითი რესურსები გამოჰყოს. რთულია იმ თვალსაზრისითაც, რომ ზოგ მშობელს ახლა უწევს შვილებს დაეხმარონ ისეთი ტექნოლოგიების ათვისებაში, რისი გამოყენების გამოცდილება თავად არ აქვთ“.

სიმონ ჯანაშიას მსგავსად ფსიქოლოგი მაია ცირამუაც ფიქრობს, რომ მშობლები ურთულესი გამოწვევის წინაშე დგანან. პრობლემების ჩამონათვალს ის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს ამატებს. ის მთავარ სირთულედ ვირტუალურ სივრცეში ყოფნის გაზრდილ მაჩვენებელს ასახელებს. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მშობლებისთვის დამატებითი შფოთვის საგანი ხდება.

„ბევრი პრობლემა წარმოქმნა დისტანციურმა სწავლებემ ტექნიკური თვალსზრისით, საორგანიზაციო თვალსაზრისით, მეტად დააწვათ მშობლებს ტვირთად დაუშვათ ის დროც, რასაც ბავშვები სკოლაში ატარებდნენ. ყველაზე დიდი გამოწვევა მშობლებისთვის მაინც არის ის, რომ ძალიან გაიზარდა მაჩვენებელი ბავშვების ვირტუალურ სივრცეში დიდხანს ყოფნის - არა სასწავლო მიზნებით, არამედ გართობისთვისაც. რაც შეიძლება იყოს გარკევეული რისკი იმისა, რომ დამოკიდებულება არ ჩამოყალიბდეს. საკარანტინე პირობებიდან და შეზღუდვებიდან გამომდინარე, ბავშვები ვერ ახერხებენ ფიზიკურ აქტივობებს, იგივე სპორტულ მოედნებზე გასვლას. მოკლედ, მთელი დრო წაიღო ამ მოწყობილობებმა, სადაც არის სკოლა, თანატოლი, გართობა, რაც ამ რისკებს ზრდის“.

მაია ცირამუა შიშობს, რომ სექტემბრამდე, ვიდრე სკოლები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, მოსწავლეებს ახალი ჩვევები ჩამოუყალიბდებათ, რაც შემდგომ სასკოლო ცხოვრებასთან ადაპტაციას გაართულებს.

სკოლებში სასწავლო პროცსი განახლებამდე კი პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან ადაპტაცია უჭირთ მშობლებს. თუმცა, ფსიქოლოგიური, ტექნოლოგიური თუ სოციალური პრობლემების გამო წარმოქმნილ სირთულეებთან გამკლავება მათ მაინც თავად უწევთ, თან ისე, რომ მოზარდის ინტერესები და უფლებები არ შეილახოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები