„გარკვეული ჯგუფების შემოწმება გახდა საჭირო“ - ზაურ დარგალი
მარნეულის მუნიციპალიტეტში გუშინ, 14 მაისს, დამატებითი PCR ტესტირების ჩატარება გახდა საჭირო. როგორც მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა გვითხრა, კორონავირუსზე ტესტირება 44 ადამიანს ჩაუტარდა, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

„გარკვეული ჯგუფების შემოწმება გახდა საჭირო და შევამოწმეთ. ეს ადამიანები იყვნენ კონტაქტები და ასევე ის ადამიანები, ვისაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს გარკვეულ ჯგუფებთან. დარჩენილი იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების კონტაქტები. მერვე დღეა, რაც მარნეულში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა“ - თქვა ზაურ დარგალმა

მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 8 თანამშრომელს კორონავირუსი 2 მარტს დაუდასტურდა.  კორონავირუსზე ტესტირება მარნეულში 6 მაისს დაიწყო და ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდა. პისიარ ტესტი სულ 1 635 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 14 მაისს კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კითხვაზე, მოახდენს თუ არა ბოლნისში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გავლენას მარნეულის მუნიციპალიტეტის გახსნაზე, ზაურ დარგალმა თქვა, რომ ამ დრომდე ძალაში რჩება მარნეულის 18 მაისს გახსნა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

18 მაისიდან მარნეული გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია, 7 მაისს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
Print