იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად ონლაინ რეგისტრაციის გავლაა საჭირო
დღეს, 18 მაისს, მარნეულში იუსტიციის სახლმა მუშაობა განაახლა. იუსტიციის სახლის მიმდებარედ დილიდან ხალხმრავლობაა. მოქალაქეები სხვადასხვა სერვისების მიღებისათვის რიგში დგანან.

რადიო „მარნუელთან“ საუბრისას იუსტიციის სახლის მარკეტინგის და მომსახურების განვითარების სამსახურის უფროსმა ანი გიგინეიშვილმა განაცხადა, რომ დღეიდან მოქალაქეებს მარნეულის იუსტიციის სახლში ყველა სერვისის მიღება შეეძლება.

„ისევე როგორც ყველა სხვა ფილიალში, მარენულშიც ყველა სახელმწიფო სერვისი ხელმისაწვდომია, იქნება ეს სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისები, რომლებიც მოიცავს პირადობას, პასპოტს, დაბადების მოწმობას და ა.შ, მრავალ სხვა სერვისს. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისები, არქივის სერვისები, აღსრულების ერვონული ბიუროს სერვისები. ეს ნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფო სერვისი, რომელიც მანამდე ხელმისაწვდომი იყო, ახლაც ხელმისაწვდომი იქნება“ - გვითხრა ანი გიგინეიშვილმა

იუსტიციის სახლებში სერვისების მისაღებად მოქალაქემ ვიზიტი უნდა დაჯავშნოს. ანი გიგინეიშვილის თქმით, ეს ერთადერთი შესაძლებლობაა მოქალაქისათვის იუსტიციის სახლისაგან სერვისის მისაღებად.

„რეალურად, ძალიან ადვილია რეგისტრაციის გავლა. თუ მოქალაქეს სახლში კომპიუტერი არ აქვს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს სთხოვოს დახმარება და ტელეფონის მეშვეობით გაიაროს რეგისტრაცია. ეს იმიტომაა სავალდებულო, რომ სივრცეში მომხმარებელთა ნაკადი იყოს დაცული და არ მოხდეს ხალხმრავლობა“ - ამბობს ანი გიგინეიშვილი

იუსტიციის სახლებში ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია პორტალზე my.gov.ge. ერთი ვიზიტის ფარგლებში ხელმისაწვდომია მხოლოდ 1 სერვისი.მომსახურების მისაღებად ადგილზე უნდა გამოცხადდეს მხოლოდ სერვისის მიღებით დაინტერესებული პირი. ვიზიტის დაჯავშნის დასტურს მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით. მომსახურების მისაღებად აუცილებელია, ადგილზე წარადგინოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება. ადგილზე უნდა გამოცხადდეთ მითითებულ დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომსახურება ვერ განხორციელდება.



რადიო „მარნეული“

Print