ზაურ დარგალის არჩევიდან ერთი წელი გავიდა - მერის შეფასება
ზუსტად ერთი წლის წინ, 19 მაისს, მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. ხმათა უმრავლესობა სახელისუფლებო პარტიის კანდიდატმა ზაურ დარგალმა მოიპოვა. ის საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას 2019 წლის 10 ივნისიდან შეუდგა. რადიო მარნეულმა არჩევნებიდან ერთი წლის თავზე მერთან ინტერვიუ ჩაწერა, ჩვენ მას ვთხოვეთ ესაუბრა, ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში მარნეულში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე. მერი ძირითად გამოწვევად სასმელი წყალს და საგზაო ინფრასტრუქტურას ასახელებს.

„მნიშვნელოვანია თუნდაც სოფელ ალგეთში 13 კილომეტრიანი წყლის სისტემის მოწყობა, რომელიც ჩვენი დაპირება იყო და უკვე პროექტი მიმდინარეობს.
ასევე მნიშვნელოვანი იყო გზის დაგება, სოფლებში სადაც ასფალტი არ იყო. ახლა ექვს სოფელში მიდის ამ მიმართულებით სამუშაოები და ჩემი ამოცანაა დავასრულოთ ცენტრალური გზების საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სოციალური და ახალგაზრდული პაკეტის გაძლიერება, მოსახლეობის ჩართულობა ბიუჯეტირების პროცესში. ასევე, ახალი პროგრამა გვაქვს შშმ პირების კუთხით და ეს მიმართულებები უფრო გაძლიერდა, მაგრამ პანდემიიის გამო შეჩერებული იყო, თუმცა ეს პროგრამები მიღებულია და სრულდება“,
– თქვა ზაურ დარგალმა.

მარნეულის მერი ერთ-ერთ მთავარ საკითხად მოსახლობისთვის მის ღიაობას და აქტიურ კომუნიკაციას ასახელებს.

„ჩემი დაპირება რაც იყო, რომ ყოველდღიურად მარნეულელებთან ერთად ვიქნები, ეს დაპირებაც შესრულდა. ყველა მარნეულელისთვის ვარ როგორც მეგობარი, როგორც მარნეულელი და არანაირი ბარიერი მოქალაქეს და მოხელეს შორის არ დგას. არ ვიცი რამდენად გაქვთ ინფორმაცია, მაგრამ თითქმის ყველა მარნეულელს აქვს ჩემი ტელეფონის ნომერი. რაც მნიშვნელოვაია ეს არის კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია არის ძლიერი".

ზაურ დარგალი მნიშვნელოვან საკითხად ასახელებს ადგილობრივების დახმარებას სამედიცინო თვალსაზრისითაც. მოსახლეობას ჰპირდება, რომ მის ყველა საარჩევნო დაპირებას, 2021 წლისთვის შეასრულებს.

„ჩემთვის, როგორც მარნეულელისთვის არის მნიშვნელოვანი ის, რომ იმის მერე, რაც დასრულდება ჩემი მერობა და მე დავრჩები მარნეულში, მოსახლეობის წინაშე ვიყო სუფთა და შემეძლოს იმის თქმა, რომ ყველა სიტყვა, რაც მე მქონდა მოსახლეობისთვის დაპირებული შესრულდა“

წინასაარჩევნოდ იყო ბევრი დაპირება, მათ შორის არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან წვდომისა და მერიის საქმიანობაში ჩართვის მიზნით, მარნეულის მერიაში სპეციალური სამსახურის შექმნა, საბავშო ბაღებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა, სოფლებში შიდა გზების, გარე განათებისა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება და ბევრი სხვა. ზაურ დარგალს დრო ცოტა აქვს, დაახლოებით წელიწადნახევარი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. მარნეულელებს კი ბევრი საჭიროება და მაღალი მოლოდინი.

ფოტო აღებულია ზაურ დარგალის ფეისბუკ გვერდიდან
თეა დავაძე 
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები