ჟორდანიას და ვურღუნის ქუჩებზე სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ მარნეულში ჟორდანიას და სამედ ვურღუნის ქუჩებზე სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თქვა, რომ ორივე ქუჩაზე წყალარინების და კანალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

„ჟორდანიაზე წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია და დარჩა მხოლოდ საკანალიზაციო. რაც შეეხება მეორე ქუჩას (სამედ ვურღუნის ქუჩა) ორივე სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანია პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს მიყვება და ამ ორ ქუჩაზე მუშაობას 5 ივნისს დაასრულებს“ - გვითხრეს წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურში

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2019 წლის ივლისში მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაიწყო. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) ახორციელებს. ბოლნისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში იმ სისტემის შექმნაზე, რაც ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, 55 940 022 დოლარი დაიხარჯება. სამუშაოები 2021 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები