მარნეულში საჯარო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის დრო უცნობია
კვლავ უცნობია თუ როდის აღდგება მარნეულში საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა. მარნეულის მუნიციპალიტეტის „ავტოპარკის“ უფროსმა გიგა ჯალაღონიამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მან ჯერ არ იცის, თუ როდის დაიწყებს „ყვითელი ავტობუსები“ მარნეულში მოძრაობას. „ავტოპარკის“ ბალანსზე სულ 20 ავტობუსია, მათ მოძრაობა 18 მარტიდან შეწყვიტეს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აღდგენის სავარაუდო დრო დაასახელა შ.პ.ს „ექსპრეს ტურისტის“ დირექტორმა იური სამხარაძემ. ის ვარაუდობს, რომ პირველი და ორი ნომერი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა 15 ივნისიდან აღდგება.

რაფიკ პირიევი N1 სამარშრუტო ტაქსის მძღოლია. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კორონავირუსის გამო მარნეულში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის შეჩერებამ მისი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა.

„სამშაო არაა, მიწით ვარჩენთ ოჯახს. ჩვენ სხვა შემოსავალი არ გვაქვს. მაგალითად, მხოლოდ დედაჩემი მუშაობს, მედდა. მისი ხელფასით ვირჩენთ თავს. ოჯახში 3 ადამიანი ვართ. კრეტიდიც გვაქვს აღებული. მარშრუტკების მუშაობის გადადება ფინანსურ პრობლემებს გვიქმნის, მგონი თქვეს, რომ 22 მაისიდან გაიხსნება, მაგრამ არ ვიცი, ჩვენც ველოდებით. თუ ასე გაგრძელდა მაშინ ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდები“ - გვეუბნება რაფიკ პირიევი

მარნეულის მერი ზაურ დარგალი რადიო „მარნეულის“ ზარებს დღეს, 21 მაისს, დილიდან არ პასუხობს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც სამთავრობო უწყებათშორისი საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც სამარშრუტო ტაქსებმა მგზავრთა გადაყვანისას უნდა დაიცვან.

მარნეულში ყველა სახის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა 18 მარტს შეწყდა.

აღსანიშნავია, რომ 24 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. გეგმა 6 ეტაპისგან შედგება და სხვადასხვა ობიექტის ეტაპობრივად გახსნას გულისხმობს. მათ შორის არ მოხვედრილა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გიორიგ გახარიას თქმით, ეს სფერო პირდაპირაა დაკავშირებული ეპიდემიის გეოგრაფიასა და გავრცელების სისწრაფესთან და რომელიმე ეტაპისთვის მათი მიბმა სუბიექტური იქნებოდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები