მირთაგი ასადოვმა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხმა სეიდ მირთაგი ასადოვმა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მე-8 მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ასადოვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას არ აქვს უფლება განსაზღვროს ჯარიმის რაოდენობა საგანგებო მდგომარეობისას წესების დარღვევისათვის. პრეზიდენტის განკარგულების მერვე მუხლში კი სწორედ ჯარიმებზეა საუბარი.

„ჩვენი საჩივრის მიზანია, რომ პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ დაწერილი ჯარიმები გაუქმდეს. ეს ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს. ჩვენ ძალიან ბევრმა მოქალაქემ მოგვმართა, შევისწავლეთ საკითხი და საჩივარი შევიტანეთ სასამართლოში რომ 2 მაისამდე დაწერილი ჯარიმები გაუქმდეს“ - გვეუბნება მირთაგი ასადოვი

შეიხი სეიდ მირთაგი ასადოვი აცხადებს, რომ ჯარიმების გამოწერა საქართველოს პარლამენტმა 2 მაისს დააკანონა და სწორედ ამიტომ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან 2 მაისამდე პერიოდში დაწერილი ჯარიმები ბათილად უნდა ცნონ.

ასადოვმა საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივარი ფოსტის მეშვეობით 20 მაისს გააგზავნა.

რადიო "მარნეული"

 

Print