18 დღე კორონავირუსის გარეშე - მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკა
დღეს, 22 მაისს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში კორონავირუსის ორი ტესტის პასუხი მიიღეს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ კორონავირუსზე ტესტირება პაციენტებს გუშინ, 21 მაისს, ჩაუტარდა.

„ორი პაციენტის ტესტირება გვქონდა გაგზავნილი, ორივე მარნეულიდანაა და მათი ტესტების პასუხი უარყოფითია“ - გვითხრა ტატა შენგელაიამ

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა, რომ დღეს, 22 მაისს, 11:00 საათის მონაცემებით, კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით ერთი პაციენტია შეყვანილი.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსი 18 დღეა რაც არ დაფიქსირებულა. 6-დან 9 მაისამდე ჩატარებული კორონავირუსის 1 635 ტესტიდან დადებითი მხოლოდ ორი იყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 55 დღიანი ჩაკეტვის შემდგომ 18 მაისს გაიხსნა.

მარნეული 22 მარტიდან იყო ჩაკეტილი. მარნეულში მკაცრი კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარენულელ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს.

Print