ინფექციებთან დაკავშირებით საინფორმაციო კუთხეების მოწყობა მარნეულშიც განიხილება
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი რეგიონულ ბიბლიოთეკებში კორონავირუსთან დაკავშირებული საინფორმაციო კუთხეების მოწყობაა. როგორც რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ამბობს, მარნეულის სოფლის სკოლებსა და ბიბლიოთეკებშიც განიხილება საინფორმაციო კუთხეების მოწყობა.

„ჩვენ ისედაც გვაქვს „ეკვილიბრიუმი“ (საგანმანათლებლო მოძრაობა), რომელიც რეგიონულ  ბიბლიოთეკებს აწყობს ან ამარაგებს ახალი წიგნებით. ამის პარალელურად ჩვენ მოვაწყობთ საინფორმაციო კუთხეებს COVID-19- თან ან სხვა ინფექციებთან დაკავშირებით. აქ იქნება საწყის ეტაპზე ყველა ის შესაბამისი ლიტერატურა, ბროშურა, ბუკლეტი, რომელიც ამ საკითხებზეა გამოცემული. მათ შორის იმ ენებზე, რომელიც იმ კონკრეტულ რეგიონებში დასახლებული მოსახლეობსთვის უფრო კომფორტულია. ამავდროულად, ჩვენ ვეცდებით შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, დისკუსიები გავმართოთ კონკრეტული დარგის სპეციალისტებთან ერთად“

ბიბლიოთეკები და სკოლები კორონავირუსის პრევენციის მიზნით რამდენიმე თვეა დაიკეტა. როგორც გიორგი კეკელიძე ამბობს, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ბიბლიოთეკების გახსნა, ხოლო სკოლებში, საინფორმაციო კუთხეებით სარგებლობა, სავარაუდოდ, სექტემბრის თვიდან იქნება შესაძლებელი.

„ჩვენ ივნისიდან გვაქვს ბიბლიოთეკების გახსნის გეგმა სპეციალური წესების გათვალისწინებით და დიდწილად, ამ სივრცეებში მოხდება მასალების განთავსება. რაც შეეხება სკოლებს, სკოლებში ჩვენ მოვამზადებთ ამ სივრცეებს და როცა სექტემბერში გაიხსნება, ბუნებრივია შემდეგ შეეძლებათ ადამიანებს ამ სივრცეებით სარგებლობა“

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო კუთხეების მიზანი, ჯანმრთელობის საკითხებზე, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებით, ინფორმაციის გაზრდაა.

გარეკანის ფოტო - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა
Print