მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიროგიმ (ჯამდელიანი) 24
მაისს, საკვირაო ქადაგებაზე,
მარნეულში კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში არსებულ ნარიმან
ნარიმანოვის ძეგლზე ისაუბრა და მარნეულის მერს მოუწოდა, რომ ძეგლის
რესტავრაციის გამო ბოდიში მოიხადოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი
დემონტაჟი.
„რადგან აზერბაიჯანელის ძეგლია იმიტომ კი არ ვართ
წინააღმდეგი. ესეთი მოღალატეები იყვნენ ფილიპე მახარაძე, ორჯონიკიძე,
მათი ძეგლები ჩვენ ავიღეთ და გადავაგდეთ. ისინი იყვნენ საბჭოთა
რეპრესიული მანქანის თავკაცები რომლებმაც უამრავი ხალხი დახვრიტეს,
მოაწყვეს რეპრესიები... ნარიმან ნარიმანოვი არის ადამიანი, რომელსაც
დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის
რღვევაში“ - განაცხადა მეუფე გიორგიმ საკვირაო
ქადაგებისას
მეუფე ქადაგებისას მარნეულის მერის ზაურ დარგალის ქმედებას
უსინდისობად აფასებს და დღევანდელ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ
ჩაერიონ მარნეულში არსებულ მდგომარეობაში და მთელ საქართველოში
აღმოფხვრან საბჭოთა კავშირის და ფაშისტური სიმბოლიკბი, რომლის
ნაწილიც, მეუფის განმარტებით, ნარიმანოვის ძეგლიცაა.
„ქალაქის მერი ამას როგორ უნდა კადრულობდეს?! მთელი
კატეგორიულობით ვაცხადებ, ვაძლევ მათ გონივრულ დროს, თავისივე ხელით,
კანონის შესაბამისად, დაიწყოს ამ საბჭოთა სიმბოლოს, ამ საბჭოთა
პიროვნების ძეგლის დემონტაჟი... მე ვფიქრობ, რომ აქ დიდ უმეცრებასაც
აქვს ადგილი. ქალაქის მერმა ავტობიოგრაფია არ უნდა იცოდეს თუ რა
ძეგლზეა საუბარი? თუ ეს იყო შეცდომა, ეს შეცდომა საჯაროდ უნდა აღიაროს
მერმა და დაუყოვნებლივ უნდა მოიხადოს ბოდიში საზოგადოების
წინაშე“ - განაცხადა მეუფე გიორგიმ
მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ მარნეულის
მერის ქმედება, კონკრეტულად კი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის
რესტავრაცია უკანონობაა როგორც მორალურად და ზნეობრივად, ასევე
სამართლებრივად.
მეუფის საკვირაო ქადაგება ფეისბუქ გვერდზე „ალილო მარნეულში“
გამოქვეყნდა.
ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია 2020 წლის თებერვალში დაიწყო. 3 მარტს
მარნეულის მერმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ძეგლის
აღდგენითი სამუშაოები მერიის ინიციატივით ხორციელდება.
რადიო „მარნეული“