გიორგი გახარიამ მუსლიმებს რამაზან ბაირამი მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. ვიდეომილოცვა საქართველოს მთავრობის „ფეისბუკ“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ გიორგი გახარია მუსლიმ სასულიერო ლიდერებს დღეს, 25 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

„ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ. ყველა ვემსახურებით ამ ქვეყანას და რაც მთავარია, პატივს ვცემთ ჩვენს რწმენას, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, კიდევ ერთხელ თითოეულ მუსლიმს, ყველა საქართველოს მოქალაქეს მოგილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს - რამაზან ბაირამს. მინდა გისურვოთ, რომ გვქონდეს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი - ზოგმა პატარა, ზოგმა - დიდი, შევიტანოთ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, შევიტანოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის მხარდაჭერაში და ყველაფერი გავაკეთოთ, იმისთვის რომ საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელი ნიშანი იყოს ჰარმონია . ჰარმონია ყველაფერში, კულტურებს შორის, რელიგიებს შორის, თანაცხოვრებისას, ეს არის ის, რაც შეგვიძლია, მსოფლიოს ვასწავლოთ. ეს არის ის, როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში ამდენი სხვადასხვა რწმენის ადამიანი თანაცხოვრობდეს, ერთ საქმეს აკეთებდეს, ერთ სახელმწიფოს ემსახურებოდეს და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე ზრუნავდეს. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრას სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელი პირები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი და რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე დაესწრნენ.

გთავაზობთ ვიდეომილოცვას:

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები