მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დროშები გამოფინეს
დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნება. პანდემიის გამო, 26 მაისს პირველად არ იმართება მასშტაბური ღონისძიებები. ამ დღეს არაერთი აქტივობა იმართებოდა მარნეულშიც, თუმცა მუნიციპალიტეტმა ამ დღის აღსანიშნავად წელს სიმბოლურად, რუსთაველის ქუჩაზე დროშები გამოფინა.

დღეს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება ვაზიანში, სადაც სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი და სხვა მთავრობის წევრები გამოვიდენ.

„102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და ამ ნაბიჯით გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია. თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, აფხაზ და ოს ძმებს მინდა მივულოცო 26 მაისი უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექნას“ - თქვა საქართველოს პრეიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3 %-მა, რომელთაგან 98,9 %-მა კითხვას დადებითად უპასუხა. ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიიღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. საქართველოს დამოუკიდებლობიდან 102 წელი გავიდა.

Print