22 დღე კორონავირუსის გარეშე - მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკა
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით არც ერთი პაციენტი არ წევს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ სამედიცინო ცენტრში 25 მაისს კორონავირუსის სიმპტომებით პაციენტები არ ჰყოლიათ. კორონავირუსის სიმპტომით კლინიკაში პაციენტები არ შეუყვანიათ 26 მაისის 12:00 საათის მონაცემებითაც.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსი უკვე 22 დღეა რაც არ დაფიქსირებულა. 6-დან 9 მაისამდე ჩატარებული კორონავირუსის 1 635 ტესტიდან დადებითი მხოლოდ ორი იყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 55 დღიანი ჩაკეტვის შემდგომ 18 მაისს გაიხსნა.

მარნეული 22 მარტიდან იყო ჩაკეტილი. მარნეულში მკაცრი კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარენულელ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს.

Print