განაახლებს თუ არა მარნეულის საჯარო ტრანსპორტი მუშაობას 29 მაისიდან
29 მაისიდან საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მგზავრებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო გახდება. მარნეულში ორ თვეზე მეტია, რაც საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მოძრაობა შეწყვიტა.

რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის შპს „ავტოპარკის“ დირექტორი, გიგა ჯალაღონია შიშობს, რომ რეკომენდაციების დაცვა გაუჭირდებათ. არც იმაშია ბოლომდე დარწმუნებული განაახლებენ თუ არა მუშაობას 29 მაისს.

„ჯერჯეობით არაფერია გადაწყვეტილი. ბევრი საკითხია ამასთან დაკავშირებით მოსაგვარებელი, მოგვიანებით გეტყვით კონკრეტულად. რეკომენდაციების გათვალისწინება რამდენად იქნება შესაძლებელი ჯერ ერთი ეგ არის პრობლემა. იცით, რომ ბლეთების სისტემა არ არსებობს ჩვენთან და მძღოლსა და მოქალაქეს შორის უშუალო ურთიერთობა იცით. ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. ყოველშემთხვევაში ვეცდებით ავამუშაოთ ტრანსპორტი, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები მე არ ვარ“ - თქვა გოგა ჯალაღონიამ, რომელმა პანდემიის პრევენციის მიზნით 20 ავტობუსი გააჩერა

მარნეულს გიგა ჯალაღონიას ტრანსპორტის გარდა, N1 და N2 სამარშრუტო ტაქსებიც ემსახურება. შპს „ექსპრეს ტურისტის“ დირექტორმა იური სამხარაძემ ჩვენგან გაიგო მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლების თარიღი. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მან მზადყოფნა გამოთქვა

„29-დან? - არ ვიცოდი, მე 10 რიცხვი მეგონა, შეიძლება დააჩქარეს. ჩვენ მზად ვართ, რომ გამოვიდეთ. შევხედავთ სიტუაციას. ვნახავთ რა რეკომენდაციებს მოგვცემენ და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას.

როგორც რადიო მარნეულს ადგილობრივ თვითმმართველბაში უთხრეს, ჯერ არ უმსჯელიათ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე.
მარნეულში ყველა სახის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა 17 მარტს შეწყდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები