29 მაისიდან მარნეულში საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება
მარნეულში საჯარო ტრანსპორტი მოძრაობას 29 მაისიდან განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაცია მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ დაგვიდასტურა. საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის შპს „ავტოპარკის“ დირექტორი, გიგა ჯალაღონია ამბობს, რომ კონკრეტული რეკომენდაციები ჯერჯერობით არ მიუღიათ.

„მზად ვართ ყოველგვარი რეკომენდაციების შესრულებისთვის .29-დან აუცილებლად იმოძრავებს ტრანსპორტი. შეზღუდვები, სავარაუდოდ, საკმაოდ მკაცრი იქნება და ცოტა უხერხულობასაც შეუქმნის მოსახლეობას, მაგრამ სხვა გზა არ გვექნება - ყველანაირი რეკომენდაცია უნდა დავიცვათ. სავარაუდოდ, ტრანსპორტი არ გვეყოფა, მაგრამ მოსახლეობაც უნდა შევიდეს ჩვენს მდგომარეობაში, ჩვენთვის ხომ არ ვაკეთებთ ამას. ჩვენ გვირჩევნია რაც მეტ მოქალაქეს გადავიყვანთ, მით მეტი შემოსავალი გვექნება. ასე, რომ მოგვიწევს რეკომენდაციებს დავემორჩილოთ“ - თქვა გიგა ჯალაღონიამ, რომელიც 29 მაისიდან მუშაობას 20 საჯარო ტრანსპორტით განაახლებს.

გიგა ჯალაღონიას ტრანსპორტის გარდა, მარნეულს, N1 და N2 სამარშრუტო ტაქსებიც ემსახურება. შპს „ექსპრეს ტურისტის“ დირექტორმა იური სამხარაძემ გვითხრა, რომ კონკრეტულ საკითხებზე მერიაში დღეს ისაუბრებენ.

„მთლიანად მარნეულის რაიონში დაახლოები 60 ტრანსპორტით ვმოძრაობთ. როგორც დაგვავალებენ რეკომენდაციებს, ისე შევასრულებთ. თუ არა, დატოვებენ სამსახურს (მძღოლები), რა ვქნათ სხვა გზა არ გვაქვს უნდა შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია“

მარნეულის მერიაში განმარტავენ, რომ დღესვე მოიწვევენ მუნიციპალიტეტში არსებული კომპანიის წარმომადგენლებს და ისაუბრებენ რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებაზე. მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება და ამას სავარაუდოდ, სატრანსპორტო კომპანიები გააკონტროლებენ.

8 ივნისიდან ქვეყანაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. 

მარნეულში ყველა სახის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა 17 მარტს შეწყდა. 

ამავე თემაზე:

განაახლებს თუ არა მარნეულის საჯარო ტრანსპორტი მუშაობას 29 მაისიდან

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google