ნარიმანოვის ძეგლის საკითხზე დადუმებული მერი
მარნეულის მერი უკვე ხუთი დღეა დუმს. უპასუხოდ დატოვებული ათობით ზარ და უპასუხო შეტყობინებები რადიო „მარნეულისათვის“ უკვე ჩვეული მდგომარეობაა.

მერი დუმს, მოსახლეობა კი აქტიურად განიხილავს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მიერ საკვირაო ქადაგებაზე გაკეთებულ განცხადებას.

24 მაისს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგმ საკვირაო ქადაგებისას მარნეულის კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში არსებულ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლზე ისაუბრა და მარნეულის მერს მოუწოდა, რომ ძეგლის რესტავრაციის გამო ბოდიში მოიხადოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი დემონტაჟი.

მეუფის განცხადებას მხარი დაუჭირა ულტრანაციონალისტურმა მოძრაობამ „ქართულმა მარშმა“.

განცხადებები გააკეთეს ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმაც. მათი უმრავლესობა მერს მოუწოდებს, რომ დუმილი დაარღვიოს და მოსახლეობის კითხვებს პასუხი გასცეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აგილ მუსტაფაევმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ მერის დუმილი აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საპატრიარქოსთან დაპირისპირების ეშინია.

„სავარაუდოდ, შიდაპარტიული გადაწყვეტილება მიიღეს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან სამწუხაროა რომ დღეს მერი დუმს. დღეს თუ მერი დუმს და ემალება სხვადასხვა მედიასაშუალებებს, ეს არაა კარგი, ეს არაა სწორი და ყველა შემთხვევაში, უნდა გამოვიდეს და საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს“ - ამბობს აგილ მუსტაფაევი

„ენმ“-ს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ მერის დუმილმა აჩვენა, რომ ის მისსავე გაკეთებულ საქმეს უარყოფს.

მარნეულის მერის მედიისათვის „გაუჩინარებაზე“ კომენტარს არ აკეთებენ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მერი ნარიმანოვის საკითხზე განცხადებას გააკეთებს, პირველ რიგში ადგილობრივ მედიასაშუალებებს შეატყობინებენ.

მარნეულის მერის დუმილთან დაკავშირებით არ უნდა კომენტარის გაკეთება მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძესაც. გვეუბნება, რომ დაპირისპირების გაღვივება არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის, სხვა საკითხთან დაკავშირებით კი დუმილს ამჯობინებს.

სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა რაშან ზიადალიევმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ მერის დუმილი საპატრიარქოს და ეკლესიის საჯარო მოხელეებზე ზეგავლენის მაჩვენებელია.

„ეს ნიშნავს, რომ მარნეულის მერი არ არის დამოუკიდებელი. შესაძლებელია იცის თუ რა უნდა გააკეთოს და ამის სურვილიც აქვს, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ მას არ სურს ნარიმანოვის თემაზე პასუხის გაცემა, რადგან ეკლესია წინააღმდეგია. ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ეკლესია ძალიან დიდ გავლენას ახდენს მარნეულის საჯარო მოხელეებზე და მარნეულის მერიაზე“ - გვითხრა რაშან ზიადალიევმა

ზიადალიევის აზრით, ზაურ დარგალი ფიქრობს, რომ მის მიერ ნარიმანოვის თემაზე განცხადების გაკეთება მომავალ კარიერაზე აისახება და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ დუმს მერი.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებას გამოეხმაურა “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაც“ (სოვლაბი). „სოვლაბი“ წერს, რომ ნარიმანოვის ძეგლი არ უნდა გახდეს საფუძველი ამ რეგიონში ახალი კონფლიქტის წარმოშობის.

„მიგვაჩნია, რომ მაღალი სასულიერი იერარქები უნდა ცდილობდნენ, რომ საქართველოში იყოს - „ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
ძეგლების ჩამოხსნა და დადგმაც უნდა მოხდეს საზოგადოებაში კონსენსუსის საფუძველზე. ძალადობრივად, ფრაგმენტულად, სახალხო თანხმობის გარეშე ძეგლების ჩამოხსნამ შესაძლოა უკუშედეგი მოგვცეს და ისინი კერპებად იქცნენ“.
- წერს „სოვლაბი“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგმ ზაურ დარგალი ნარიმანოვის ძეგლის უკანონო რესტავრაციაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ ძეგლის რესტავრირეება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ მომხდარა. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში არ განუმარტეს, თუ საედან გამოიყო ძეგლის რესტავრირებისათვის თანხები და გვთხოვეს, რომ ოფიციალური წერილით მიგვემართა.

ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია 2020 წლის თებერვალში დაიწყო. 3 მარტს მარნეულის მერმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ძეგლის აღდგენითი სამუშაოები მერიის ინიციატივით ხორციელდება.

გარეკანის ფოტო: 07.01.2020 მარნეულის საკრებულოს დეპუტატის როვშან ისკანდაროვის ფეისბუქ გვერდიდან

ამავე თემაზე:

სადამდე მიგვიყვანს სასულიერი პირის ჩარევა ნარიმანოვის საკითხზე - ისტორიკოსის და ფილოლოგის შეფასება

„კანონის გვერდის ავლით მოხდა ძეგლის რესტავრაცია“ - მეუფე გიორგი მარნეულის მერს ადანაშაულებს

„ 2012 წლის შემდეგ საქართველოში რელიგიურ თუ სახელმწიფოებრივ საკითხებზე, არასასიამოვნო მოვლენები ხდება“ - აზერ სულეიმანოვი

ეპისკოპოს გიორგის არ აქვს უფლება დარგალს რამე მოსთხოვოს - ახმედ იმამკულიევი

Print