სიახლე
ნარიმანოვის ძეგლის საკითხზე მეუფე გიორგი მუსლიმ სასულიერო პირს შეხვდა
28 მაისს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მარნეულის მუფტს ჰაფის პოლოხოვსა და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს მეუფე გიორგის (ჯამდელიანის) შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი „მარნეულის ჰუჯაბი“ ავრცელებს.

„შეხვედრამ ჩაიარა ძალზედ ნაყოფიერ და კეთილმეგობრულ გარემოში, სადაც საუბარი შეეხო ქართველთა და აზერბაიჯანელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთთანაცხოვრების და მარნეულის მუნიციპალიტეტში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებს. საუბარი შეეხო ასევე ქალაქ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული ყოფილი საბჭოთა სახელისუფლო წარმომადგენლის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხს. გამართული დისკუსიის შედეგად შეხვედრის მონაწილეების მხრიდან ერთხმად იქნა დადასტურებული ის უტყუარი ფაქტი, რომ ამ პიროვნებამ, როგორც საბჭოთა რეჟიმის ცნობილმა მესვეურმა განახორციელა ანტირელიგიური და ანტიეროვნული ნეგატიური საქმიანობა თავისი პროლეტარული მოღვაწეობის პერიოდში“ - წერია „მარნეული ჰუჯაბის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტში

შეხვედრას ასევე ესწრებოდა მარნეულის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი სადახლოს ერთეულიდან როვშან ისკანდაროვი და ადგილობრივი აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები.

პოსტში ასევე წერია, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან აღნიშნული სახის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

რადიო „მარნეული“ ამ დრომდე ცდილობს შეხვედრის მონაწილეებთან დაკავშირებას რათა გავარკვიოთ, თუ ვისი ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა და კონკრეტულად რაზე იმსჯელეს მხარეებმა. მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი როვშან ისკანდაროვი რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობენ. საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მარნეულის მუფტმა ჰაფის პოლოხოვმა გვიპასუხა, მაგრამ მოგვიანებით დაკავშირება გვთხოვა რის შემდეგაც ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.

24 მაისს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგმ საკვირაო ქადაგებისას მარეულში კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში არსებულ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლზე ისაუბრა და მარნეულის მერს მოუწოდა, რომ ძეგლის რესტავრაციის გამო ბოდიში მოიხადოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი დემონტაჟი.

ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია 2020 წლის თებერვალში დაიწყო. 3 მარტს მარნეულის მერმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ძეგლის აღდგენითი სამუშაოები მერიის ინიციატივით ხორციელდება.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია