მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ 31 მაისს კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ 31 მაისს კორონავირუსზე ჩატარებული 6 ტესტის პასუხი მიიღეს.

„ძირითადად ყველანი ტრაილერების მძღოლები იყვნენ, რომლებიც წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან შემოვიდნენ. მხოლოდ ერთ მათგანს დაუფიქსირდა კორონავირუსი, ის საქართველოს მოქალაქეა“ - გვითხრა ტატა შენგელაიამ

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის თქმით, დღეს, პირველ ივნისს, კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით ექვსი პაციენტია შეყვანილი და ტესტის ჩასატარებლად სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან შვიდი მძღოლია გადმოყვანილი. მათ ბიოლოგიურ მასალას კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გააგზავნიან. ტესტის პასუხები 2 ინვისს გახდება ცნობილი.

31 მაისს, „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსის დადასტურებამდე, კლინიკაში Covid-19 26 დღის განმავლობაში არ ფიქსირდებოდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 56 დღიანი ჩაკეტვის შემდგომ 18 მაისს გაიხსნა.

მარნეული 22 მარტიდან იყო ჩაკეტილი. მარნეულში მკაცრი კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარენულელ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები