მარეთში მცხოვრები დაინფიცირებული ოჯახის ორი წევრი სადახლოს საზღვარზე მუშაობდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა. ხუთივე დაინფიცირებული ერთი ოჯახის წევრები არიან.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სოფელ მარეთში დაინფიცირებული ოჯახის მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახი თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა და ისინი ჩვეულებრივად მუშაობდნენ.

„სომხეთის საზღვარზე (სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტში) მუშაობდა ცოლ-ქმარი. ცოლი დამლაგებლად, ხოლო ქმარი დაცვის წევრია. ორივე მუშაობდა სანამ კორონავირუსს დაუდგენდნენ. მგონი, სამი დღის წინ იყვნენ სამსახურში“ - ამბობს დაინფიცირებული ოჯახის ერთ-ერთი მეზობელი

პირველ ივნისს კორონავირუსი ოჯახის სამ წევრს დაუდასტურდა, ხოლო დღეს, 2 ივნისს, კიდევ ორს. მეზობლები ამბობენ, რომ კორონავირუსზე ტესტირება სოფლის რამდენიმე მოსახლეს ჩაუტარდა.

„გუშინ ჩაატარეს ტესტირებები, მეც ჩამიტარეს ტესტი და უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ამ ორის გარდა, სხვას არავის არ დადასტურებია კორონავირუსი. მე პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია არც ერთ მათგანთან, ყავაზე არ გავსულვარ და არაფერი მასეთი, უბრალოდ, ჩემი მეზობლები არიან და ერთ სადარბაზოში ვცხოვრობთ, ამიტომ გამოვთქვი ტესტის ჩატარების სურვილი“ - ამბობს დაინფიცირებული ოჯახის კიდევ ერთი მეზობელი

სოფელ მარეთში რადიო „მარნეულის“ ყოფნისას ადგილზე საპატრულო პოლიციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ სთხოვეს არ დატოვონ სოფელი და მარნეულში არ ჩავიდნენ.

მარნეულის მერი ზაურ დარგალი რადიო „მარნეულის“ ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს. მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ გვითხრა, რომ მერის კომენტარს თავად ჩაწერენ და სხვადასხვა მედიასაშუალებებს გაუგზავნიან. მარნეულის მერის განცხადების შემდგომ გახდება ცნობილი, მოექცევა თუ არა კარანტინში სოფელი მარეთი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები