სიახლე
მაია ცქიტიშვილმა მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
დღეს, 3 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. გაეცნო წყალარინების სისტემისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის პროცესს. როგორც მან რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობაა, რომელსაც  აზიის განვითარების ბანკი 150 000 ლარით აფინანსებს.

ცქიტიშვილის თქმით, გარდა ამისა, მარნეულში ამ ეტაპზე 7 ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება შენდება. მათ შორისაა სოფელ შულავერში მდებარე სკოლა, რომელიც 450 ბავშვზეა გათვლილი.



აქ, შულავერში სრულიად ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს იმ სტანდარტებით, რომელიც შეესაბამება განათლების რეფორმის ფარგლებში დადგენილი ახალი სკოლის სტანდარტს. სრულიად გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურაა 450 ბავშვზე. მათ ექნებათ ღია და დახურული სპორტული მოედანი. ასევე, ექნებათ სააქტო დარბაზი , სასადილო. რა თქმა უნდა, გარდა საკლასო სივრცეებისა და ლაბორატორიებისა, რომელიც არის საჭირო სასწავლო პროცესისთვის. მუნიციპალური განვითარების ფონდი მარნეულში ახორციელებს შვიდი სკოლის მშენებლობას, მერვე სკოლა კი უახლოეს მომავალში იქნება გამოტანილი ტენდერზე“

მაია ცქიტიშვილის განმარტებით,  მუნიციპალური განვითარების ფონდი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს 59 ახალი სკოლის მშენებლობას და 85 სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას.

აღსანიშნავია, რომ ახალი სკოლები შენდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში,  საბირკენდში,  ცოფში, შულავერში, კასუმლოში,  ხულდარაში, კიროვკასა და ქუთლიარში.



დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები. მათ შორის მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, რომელმაც კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ზაურ დარგალი რადიო „მარნეულთან“ კომენტარს მას შემდეგ აღარ აკეთებს, რაც ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაცია განსახილველი საკითხი გახდა.





FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია