საფლავი კრემლის კედელთან და ძეგლი მარნეულში - ნარიმანოვის თანამედროვე ისტორია
სულ რაღაც ათ დღეში მარნეულში განვითარებულმა ისტორიამ ასეთი სახე მიიღო: ჯერ იყო ქადაგებაზე გაჟღერებული ულტიმატუმი, ბოლოს კი შეთავაზება. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) ამ დროში ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან სასაუბრო ენა შეცვალა, შინაარსი იგივე დარჩა - ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი მარნეულში.

შანტაჟიდან“ - ინიციატივამდე

3 ივნისს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ 24 მაისის საკვირაო ქადაგება არასწორი ინტერპრეტაციის საგანი გახდა. ის ამბობს, რომ მის სიტყვებს არ ედო ეთნიკური სარჩული და მხოლოდ საქართველოს მტრის, წითელი არმიის ერთ-ერთი ლიდერის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟს ისახავდა მიზნად. მეუფე გიორგი ამჯერად ინიციატივით გამოვიდა, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

ყველაფერი მარნეულის „კულტურის ცენტრის“ მიმდებარე სკვერში არსებული ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციით დაიწყო. ინიციატივა მერიას ეკუთვნოდა. სამუშაოს შესრულებაზე ტენდერი არ გამოცხადებულა. ხელოსნები საქმეს თებერვალში შეუდგნენ. რადიო „მარნეული“ მუნიციპალიტეტისგან რესტავრაციის ღირებულების მონაცემებს ელოდება. სამუშაოები მარტში დასრულდა.

რესტავრაციის საქმის „გამოსასწორებლად“, უკვე მაისში, მარნეულის მერს ეპისკოპოსმა გიორგიმ „გონივრული დრო“ ამბიონიდან მისცა.

„ქალაქის მერი ამას როგორ უნდა კადრულობდეს?! მთელი კატეგორიულობით ვაცხადებ, ვაძლევ მათ გონივრულ დროს, თავისივე ხელით, კანონის შესაბამისად, დაიწყოს ამ საბჭოთა სიმბოლოს, ამ საბჭოთა პიროვნების ძეგლის დემონტაჟი. მე ვფიქრობ, რომ აქ დიდ უმეცრებასაც აქვს ადგილი. ქალაქის მერმა ავტობიოგრაფია არ უნდა იცოდეს თუ რა ძეგლზეა საუბარი? თუ ეს იყო შეცდომა, ეს შეცდომა საჯაროდ უნდა აღიაროს მერმა და დაუყოვნებლივ უნდა მოიხადოს ბოდიში საზოგადოების წინაშე“.

მარნეულის მერს ხმა არ ამოუღია. ზაურ დარგალის დამოკიდებულება მეუფის განცხადების მიმართ დღემდე უცნობია, ისევე, როგორც მისი ადმინისტრაციის წევრების. ისინი რადიო მარნეულის ზარებს არ პასუხობენ, პირისპირ შეხვედრისას კი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. სამაგიეროდ, პოლიტიკური წრეებისა თუ საზოგადოების წევრებმა მეუფე მკაცრად გააკრიტიკეს.

„სიფრთხილეა საჭირო. აზერბაიჯანული თემისთვის მნიშვნელოვან ფიგურად იქნა ჩამოყალიბებული ეს ადამიანი. თუ დააკვირდებით, მეუფეს არსად არ დაუსვამს შეკითხვა, რა წვლილი აქვს ამ ადამიანს, როგორ უნდა გავიაზროთ, იქნებ მეუფემაც არ იცის რაღაცები ნარიმან ნარიმანოვზე. რატომ არის ასე ცალსახად მის განცხადებაში დარწმუნებული. ძეგლი რა საკვირველია, მეხსიერების პოლიტიკის ნაწილია. მეხსიერების პოლიტიკა ხელოვნურად იქმნება. საბჭოთა ძეგლებიც ხელოვნურად იდგმებოდა. როდესაც საუბარია ისტორიის ჭეშმარიტებაზე, ძეგლები რომ ისტორიულ ჭეშმარიტებას არ გამოხატავენ, ამის შესახებ მეუფემ უნდა იცოდეს თუ ისტორიაზე ლაპარაკობს, მაგრამ ეს არ არის ისტორიაზე ლაპარაკი. ეს არის პოლიტიკური განცხადება. უბრალოდ მეუფემ გააკეთა განცხადება ერთ-ერთი ფილმიდან „დირექტორი, ეს მე ვარ“, ისტორიასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს”.

ისტორიკოსმა დავით ჯიშკარიანმა მეუფე გიორგის განცხადება დომინაციისთვის ბრძოლის მაჩვენებლად მიიჩნია. მისი აზრით, ულტიმატუმის ენით საუბარმა ამ შემთხვევაში ნარიმან ნარიმანოვის ბიოგრაფიული დეტალები დაჩრდილა.

მეუფე გიორგის ქადაგებას პოლიტიკურ განცხადებად აღიქვამენს ოპოზიციის წარმომადგენლებიც. აზერ სულეიმანოვი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და პარლამენტის დეპუტატი ამბობს, რომ ბოლო დროს სასულიერო პირებმა რუსეთის სასარგებლო განცხადებების კეთება დაიწყეს, რაც არეულობას ისახავს მიზნად.

„კარგი იქნებოდა, თუ ყველა თავისი საქმით დაკავდებოდა. რელიგიური მოღვაწეები ღმერთს ემსახურონ, პოლიტიკაში არ ჩაერიონ“.

აზერ სულეიმანოვისგან განსხვავებით, ეპისკოპოსის განცხადება არ შეაფასეს პარლამენტის დეპუტატებმა მმართველი პარტიიდა, სავალან მირზოევმა, რუსლან ჰაჯიევმა და მაჰირ დარზიევმა.

ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.

მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსის განცხადება არ არის მიმართული ისტორიული პროცესების ფართოდ შეფასებისკენ და ნარიმან ნარიმანოვის პოლიტიკური მოღვაწეობის კრიტიკულად და ცივილურად გააზრებისკენ. ნარიმანოვის ძეგლი არ უნდა გახდეს საფუძველი ამ რეგიონში ახალი კონფლიქტის წარმოშობის“.

ერთადერთი ორგანიზაცია, ვინც მეუფეს მხარი დაუჭირა, „ქართული მარშია“. საზოგადოების ღია თუ ფარული კრიტიკას, ქადაგებიდან მეათე დღეს, ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ინიციატივა მოჰყვა.

თუ ჩემს განცხადებას (ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით) ეთნიკურ სარჩულს უდებენ და ნაციონალიზმზე საუბრობენ, აი ახლა გამოვდივარ ინიციატივით და ამ პირსისხლიანი „წითელი“ კომისრის ნაცვლად დაიდგას ხუდია აზერბაიჯანელის და ერეკლე მეორის ძეგლი ერთად, იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან შთამბეჭდავი სიმბოლო ჩვენი ქართულ-აზერბაიჯანული ძმობისა და ერთობისა“.

ვინ იყო ეთნიკური აზერბაიჯანელი ხუდია ბორჩალოელი?

მეუფე გიორგი ამჯერად იმ ისტორიულ ფიგურაზე საუბრობს, ვინც ასპინძის ბრძოლის დროს, ერეკლე II-ს დავალებით, მტკვარზე გადებული ხიდის თავხეები გადახერხა, რამაც ოსმალებთან ბრძოლაში, რუსი გენერალი ტოტლებენისგან მიტოვებული ქართული ჯარის გამარჯვება განაპირობა. ხუდია თავკაცობდა ბორჩალოელებისგან შემდგარ ერეკლე მეფის პირად გვარდიას.

ნარიმანოვის სახელი - დაჭიდების ობიექტი მარნეულში

ორი წლის წინ, 2018 წლის 13 ივნისს, მარნეულის მოსახლეობის ნაწილმა შეხვედრა გამართა და მარნეულის კულტურის ცენტრისთვის ნარიმან ნარიმანოვის სახელის მინიჭებაზე იმსჯელა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე 2002-2006 წლებში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ისრაფილ ბაირამოვი იყო. მან თქვა, რომ ამ საკითხზე მარნეულის საკერბულომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2003 წელს მიიღო.

„საკრებულოს 9 წევრმა 2003 წელის 8 მაისს ვიმსჯელეთ და გადაწყვედილება მივიღეთ, რომ კულტურის სახლი ნარიმან ნარიმანოვის სახელს ატარებდეს. მერე დაფაც გავამზადეთ, ხარჯები გამოიყო ამისთვის. რამდენჯერმე დაფა გააფუჭეს და თავიდან გავაკეთებინეთ“, - ყვება ისრაფილ ბაირამოვი.

დღეს არქივში ეს გადაწყვეტილება არ იძებნება. 2007 წლის ცნობის მიხედვით, შენობას „კულტურის სახლი“ ჰქვია. ამიტომ შეხვედრაზე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც კულტურის ცენტრის შენობისათვის ნარიმან ნარიმანოვის სახელის დაბრუნების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწო.

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ფუად გახრამანოვმა მერიას წერილით 2018 წლის 6 აგვისტოს მიმართა. ის ითხოვდა, კულტურის ცენტრისათვის ნარიმან ნარიმანოვის სახელი მიენიჭებინათ.

მეორე მხრივ, მოქალაქეთა მეორე ჯგუფმა შეაგროვა ხელმოწერები და კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერისათვის ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელის მინიჭება მოითხოვა.

ამავე პერიოდში, მუნიციპალიტეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი იგეგმებოდა, თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ ეს ინფორმაცია უარყო.

მას შემდეგ ნარიმანოვის საკითხი გარკვეულწილად ჩრდილქვეშ მოექცა. მარნეულის მერიას არც კულტურის ცენტრისათვის ნარიმანოვის სახელი და არც მიმდებარე პარკისათვის კოსტავას სახელი არ მიუნიჭებია.

ნარიმან ნარიმანოვი - საზოგადო მოღვაწე თუ მოღალატე?

„პუბლიცისტი, ექიმი, მწერალი, დრამატურგი“, - ასე იცნობენ ნარიმან ნარიმანოვს მარნეულელები. მათ უმრავლესობას მისი საქმიანობის მხოლოდ ამ ნაწილზე აქვს ინფორმაცია.



ძალიან უხეშად და ტრაფარეტულად რომ ვთქვა, ისეთი მასშტაბის არ არის მაგრამ, იმ პიროვნებათა რიგს მიეკუთვნება, რომელიც მწარედ შეცდა თავის არჩევანში და თვითონ მიხვდა ამას. ცუდი შედარებაა, მაგრამ არსს გამოხატავს. მაგალითად, როგორც გიორგი სააკაძე, დღემდე ორჭოფული დამოკიდებულებაა - არის გმირი თუ არის მოღალატე. ნარიმანოვი რამდენიმე პლანიანი ადამიანია. პირველი ის, რომ დღეის გადასახადიდან შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ის, რომ ის არის კალმოსანი, დრამატურგი, ლექსების ავტორი და განმანათლებელი ზოგადაად. თავის სოფლში პირველი სამედიცინო პუნქტის გამხსნელი. წიგნების ავტორი, როგორიცაა ისლამი და მედიცინა. სხვათა შორის, ის რომ აზერბაიჯანში, აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკაში აზერბაიჯნული ენა გახდა წარმმართველი, მისი დამსახურებაა, იმიტომ, რომ რამდენიმე პირი ცდილობდა რუსული გამოცხადებულიყო სახელმწიფო ენად, ეს კაცი მარტო ერკინებოდა და მიაღწია ამას“, - ყვება ძველი ქართული ლიტერეტურის ისტორიის სპეციალისტი ოქტაი ქაზუმოვი.

„რამდენიმე პლანიანი ადამიანის“ ბიოგრაფიის სხვა მხარეზე ისაუბრა 24 მაისს ქადაგებისას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი).

„რადგან აზერბაიჯანელის ძეგლია იმიტომ კი არ ვართ წინააღმდეგი. ესეთი მოღალატეები იყვნენ ფილიპე მახარაძე, ორჯონიკიძე, მათი ძეგლები ჩვენ ავიღეთ და გადავაგდეთ. ისინი იყვნენ საბჭოთა რეპრესიული მანქანის თავკაცები რომლებმაც უამრავი ხალხი დახვრიტეს, მოაწყვეს რეპრესიები. ნარიმან ნარიმანოვი არის ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევაში“.

ნარიმან ნარიმანოვი 1870 წელს თბილისში, ეთნიკური აზერბაიჯანლების ოჯახში დაიბადა. ისტორიკოსი და პოლიტიკური ანალიტიკოსი პატ ვოლში წერს, რომ მისი მამა ვაჭარი და მოგზაური მომღერალი იყო, რომელიც ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მღეროდა. ოჯახი ღარიბი იყო, მაგრამ ცხრა შვილიდან ნაბოლარა ნარიმანის გორში, ამირეკავკასიის სასწავლო სემინარიაში სასწავლებლად გაშვება შეძლო. მან სწავლა ოდესაში გააგრძელა და გახდა პედაგოგი, ექიმი, უამრავი წიგნისა და თარგმანის ავტორი.

კემბრიჯის უნივერსიტეტში კი ინახება ნაშრომი, რომლის ავტორია სარა ბრინეგარი. ის წერს, რომ 1920 წელს ნარიმან ნარიმანოვმა ლენინთან „ნავთობის გარიგება“ დადო, რამაც საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა ძალის განმტკიცებას სამხრეთ კავკასიაში. ლენინმა ნარიმანოვს დაავალა, საბჭოთა რუსეთი აზერბაიჯანული ნავთობით მოემარაგებიან, რამაც განსაზღვრა მისი თანამდებობა საბჭოთა ხელისუფლებაში და გავლენა კულტურის სფეროში.

მანამდე კი 1916 წლიდან ის ბაქოს რევოლუციური დაცვის კომიტეტის წევრია.
1919 წლიდან საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების გამგედ ლენინის ინიციატივით ინიშნება.
1920 წელს, ბაქოს ოკუპაციის დროს აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თამჯდომარეა
შემდეგ ინიშნება აზერბაიჯანის სსრ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისრად და მთავრობის თავმჯდომარედ.
1922 წლიდან ხელმძღვანელობს საბჭოთა კავშირის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს.
გარდაიცვალა მოსკოვში, 1925 წლის 19 მარტს, გაურკვეველ ვითარებაში.


მისი ბოლშევიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია, ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ისტორიკოსის მტკიცებით, დაკარგულია. თუმცა, ნარიმან ნარიმანოვის ბიოგრაფიის ის ნაწილი, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია, ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორსა და ილიაუნის პროფესორს საშუალებას აძლევს ის ფილიპე მახარაძეს შეადაროს. ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკაში ნარიმანოვს იგივე სტატუსი აქვს, რადგან მან აზერბაიჯანი „გაასაბჭოვა“.

როდესაც ამბობენ, ხოლმე, რომ ის იყო მწერალი, დრამატურგი და გახსნა ბიბლიოთეკა აზერბაიჯანში, ეს რა თქმა უნდა, მართალია, მაგრამ მეორე მხრივ არ უნდა დავივიწყოთ, ის რომ ნარიმან ნარიმანოვი ემსახურებოდა აზერბაიჯანის წითელი არმიის მიერ დაპყრობას. ნარიმანოვი არის ტიპიური მაგალითი საბჭოთა პერიოდის მიერ გაგმირებული ყალბი გმირებისა. მისი დამსახურება აზერბაიჯანული კულტურის მიმართ, შესაძლებელია, იყოს მართლაც მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემის აზრით, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა მის საზოგადო მოღვაწეობას ფარავს“.

აზერბაიჯანის „რევკომის“ თავმჯდომარის და შემდგომში კომისართა სახალხო საბჭოს თავმჯდომარის ძეგლის არსებობა მარნეულში ლაშა ბაქრაძისთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც სტალინის ძეგლი გორში და ლავრენტი ბერიას ქუჩა ზუგდიდში.

საქართველოში, მეზობლებისაგან განსხვავებით, მაინც მოვახდინეთ საბჭოთა კავშირისაგან დისტანცირება. მაგალითად, აზერბაიჯანში ნარიმან ნარიმანოვი დღემდე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად აღიქმება და გულახდილად რომ გითხრათ, ეს ძალიან მაოცებს. ჩვენგან განსხვავებით, აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკა საკმაოდ სუსტი იყო, მაგრამ ეს იყო პირველი თავისუფალი, დემოკრატუიული რესპუბლიკის მცდელობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მეტიც, ეს იყო პირველი რესპუბლიკა მთელ ისლამურ სამყაროში. ჩემთვის, აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკა ძალიან მნიშვნელოვანია და ადამიანი, რომელმაც გაანადგურა ეს რესპუბლიკა და მიწასთან გაასწორა ეს რესპუბლიკა, მისაღები არაა. ის ერთადერთი აზერბაიჯანელია, რომელიც კრემლის კედელთანაა დასაფლავებული ანუ, საბჭოთა კავშირის უმაღლეს სიწმინდესთან“.

ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებს ჰყავთ ბევრი გმირი იმის საჩვენებლად, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობენ და არ არის საჭირო საბჭოთა გადმონაშთის გაკერპება.
ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის თქმით, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების გაუნათლებლობის და სახელმწიფოს უპრინციპობის ნათელი მაგალითია. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის უაღრესად არასაიამოვნო ფორმითა და ულტიმატუმით საუბარმა კი გვაჩვენა მაგალითი, თუ როგორ ხდება, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საკითხი, რომელიც უმტკივნეულოდ შეიძლებოდა გადაჭრილიყო, ეთნიკური წინააღმდეგობის საგანი.

გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის კუთხით


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია სუს-ის ფეისბუქ გვერდზე 30 მაისს გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპარტამენტი ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას, რომ საქართველოში არსებობენ ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.

"აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ აღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით".

ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ინფორმაცია მარნეულის მერის, ზაურ დარგალის სუს-ში დაბარების შესახებ. დეტალები უცნობია, ზაურ დარგალი ამ საკითხზე არ საუბრობს.
ამავე არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სუს-ში რამდენიმე მარნეულელის დაკითხვა იგეგმება. ამ ეტაპზე უცნობია, უკავშირდება თუ არა გამოძიება მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

თბილისში არსებობს ნარიმან ნარიმანოვის მუზეუმი. რადიო „მარნეულმა“ მის დირექტორთან დაკავშირება სცადა, რათა გაეგო, რას უყვებიან იქ მისულ დამთვალიერებლებს, როგორ აცნობენ ნარიმან ნარიმანოვს. დირექტორმა საუბარი მოუცლელობის მიზეზით არ ისურვა.

ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ ისეთი ადამიანების მუზეუმები, როგორიც სტალინი და ნარიმანოვია, საფრთხეს და უხერხულობას არ ქმნის, თუკი იქ მისულ დამთვალიერებელს ობიექტური ინფორმაცია მიეწოდება. სწორი და სრული ინფორმაცია განაპირობებს ადამიანების დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხის, ამა თუ იმ ადამიანების მიმართ.

მარნეულის მოსახლეობის ნაწილი დღეს შიშობს, რომ ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟის შედეგად მათი კულტურის ნაწილი დაიკარგება. მეორე მხარე კი დარწმუნებულია, საქართველოში საბჭოთა გადმონაშთის ადგილი არ არის. მარნეული ზაურ დარგალის გადაწყვეტილების მოლოდინშია. მერი კი უკვე ათი დღეა დუმს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები