სოფელ მარადისში საკაბელო ინტერნეტის გაყვანის ნებართვა შპს „ჯენეტს“ მისცეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ინტერნეტის შესაყვანად საჰაერო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის ნებართვა მარნეულის მუნიციპალიტეტმა შპს „ჯენეტს“ გადასცა.

რადიო „მარნეულის“ მიერ, 12 მაისს, მომზადებულ მასალაში სოფელ მარადისის მოსახლეობა წუხდა, რომ სოფელში საკაბელო ინტერნეტი არ იყო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დისტანციური გაკვეთილების ჩატარებისას პრობლემები ექმნებოდათ.

როგორც მარადისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანჟელა ბოლქვაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, მობილური ინტერნეტის გამოყენება მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვისაც რთულია.

ნაირა პაქსაძის შვილები მარადისის საჯარო სკოლაში სწავლობენ. მეათე და მერვე კლასის მოსწავლეები მობილური ინტერნეტის მეშვეობით ესწრებიან გაკვეთილებს.

„ჩემი შვილები 4-5-ჯერ მაინც ეთიშებიან ხოლმე გაკვეთილიდან და თავიდან უკავშირდებიან. მერე მასწავლებელი თითოეულს უკავშირდება და ეკითხება გაიგეს თუ არა რამე და რაიმე ხომ არ გამორჩათ და ძალიან წვალობენ. იმედია შემოვა ჩვენს სოფელშიც საკაბელო ინტერნეტი და დავისვენებთ ცოტას“ - გვითხრა ნაირა პაქსაძემ

მასწავლებლებისა და მოსწავლეების მსგავსად ექმნებათ პრობლემები მარადისელ სტუდენტებსაც. თამილა პაქსაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ნაირა პაქსაძის მსგავსად ისიც ამბობს, რომ ინტერნეტის უხარისხობის გამო, ლექციებიდან ხშირად ითიშება და სწორედ ამიტომ განათლების მიღებაც უძნელდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში 12 მაისს არ გვითხრეს, ჰქონდა თუ არა რომელიმე ინტერნეტპროვაიდერს სოფელ მარადისში საკაბელო ინტერნეტის გაყვანის ნებართვა მოთხოვილი და წერილობითი მიმართვა გვთხოვეს.

რადიო „მარნეულის“ წერილზე მუნიციპალიტეტმა პასუხი დაგვიანებით, 10 სამუშაო დღის ნაცვლად 17 სამუშაო დღეში მოგვაწოდეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ჯენეტს“ სოფელ მარადისში საჰაერო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის ნებართვა 2020 წლის 19 მარტს მისცა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები