მარნეულში მუშის სიხცოცხლე, სავარაუდოდ , სამშენებლო დარღვევებს შეეწირა
8 ივნისს მარნეულში ერთ-ერთ მშენებარე კორპუსიდან 51 წლის მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

სამშენებლო კომპანიის დირექტორმა გოგა გურგენიძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ მუშის გადმოვარდნისას მშენებლობაზე ორი ადამიანი მუშაობდა.

„გუშინ ორი მუშაობდა მშენებლობაზე, ასუფთავებდნენ ადგილს იმიტომ, რომ აღარ იყო სხვა სამუშაოები. არავის არ დაუნახავს როგორ გადმოვარდა. იმ დროს, როდესაც გადმოვარდა, მეორე მუშა დაბლა მუშაობდა. შიდა სამუშაოს ასრულებდა, დასუფთავებას და არ ვიცი გარეთ როგორ მოხვდა და როგორ გადმოვარდა“ 

სამშენებლო კომპანიის დირექტორის განცხადებით, ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელი სართულიდან გადმოვარდა 51 წლის მუშა. ამბობს, რომ დანარჩენ დეტალებს გამოძიება დაადგენს.

სამშენებლო ადგილას რადიო „მარნეულის“ მისვლისას ადგილზე იმყოფებოდნენ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ჩვენთან საუბრისას შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სამშენებლო ობიექტზე ბევრი დარღვევა გამოვლინდა.

„დღეს დავიწყეთ ობიექტის შემოწმება და გამოვლინდა უკვე დარღვევები. გარკვეულწილად, მუშის გადმოვარდნაც ამ დარღვევებს უკავშირდება“

ნათესავები რადიო „მარნეულთან“ ამბობენ, რომ გარდაცვლილი უკვე ერთი წელია რაც ამ ობიექტზე მუშაობდა. მას ორი შვილი დარჩა. მათი თქმით, მამაკაცი მეთერთმეტე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო რაც, სამშენებლო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Print