„ჩვენ ვართ მოსიყვარულე ერი, ამიტომ ცხოვრობს ჩვენს ტერიტორიაზე ამდენი ეროვნების წარმომადგენელი“ - მეუფე იობი მარნეულში ვიზიტისას
დღეს, 9 ივნისს მარნეულის და ჰუჯაბის ეპარქიაში სინოდის წევრები შეიკრიბნენ. ტვ პირველის ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხია. როგორც კადრებიდან ჩანს, სინოდს წევრებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი და საკრებულოს წევრი როვშან ისკანდაროვი, რომლებმაც რადიო მარნეულს მოუცლელობის გამო ვერ უპასუხეს.

მარნეულში იყო ჩამოსული მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი.

„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ ამ უძველეს მიწა-წყალზე რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ საქართველოში ყველა ეროვნების წარმომადგენელი არის პირნათელი... არის ბერძენი ბერი, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოცენდება აღმოსავლეთის დიდი იმპერია. ეს არაა ფიზიკური იმპერია, ეს ატარებს სულიერ მნიშვნელობას. მაშინ, როდესაც მთელს მსოფლიოში ჩადგება ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა, საქართველო გაბრწყინდება მართლმადიდებლობით... ჩვენ გვსურს, რომ ყველამ დაინახოს საქართველოში ეკლესიის ფუნქცია და მნიშვნელობა. თქვენ იცით, რომ როდესაც აბო თბილელი მოინათლება იოანე საბანისძე ასე წერს, რომ „ისმაილად ყოფილი და აწ ქართველიო“, ესე იგი როცა მოინათლება, ისმაილად ყოფილი იყო, მაგრამ ამის შემდეგ ქართველიაო. ქართველობა და ქრისტიანობა გაიგივებული იყო საქართველოში. საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ტომისა და თემის წარმომადგენელი ჩვენი ეკლესიის წევრები არიან. ჩვენ გვყავს მართლმადიდებელი აზერბაიჯანელები, ჩვენ გვყავს მართლმადიდებელი სომხები, მართლმადიდებელი იეზიტები, თურქები და სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები. ეს პროცესი დაწყებულია და ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ მეგობრული დამოკიდებულებით ვიყოთ ყველა ეროვნების წარმომადგენელთან. ჩვენ ვართ მოსიყვარულე ერი, ამიტომ ცხოვრობს ჩვენს ტერიტორიაზე ამდენი ეროვნების წარმომადგენლები, მაგრამ მათაც ეს სითბო და სიყვარული უნდა დაანახო“ - განაცხადა მეუფე იობმა ქადაგებისას

მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) მარნეულის მერს ძეგლის რესტავრაციისათვის უსაყვედურა და მისი აღება მოსთხოვა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები