მარნეულის მერია ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის ხარჯებზე ინფორმაციას რადიო „მარნეულს“ არ აწვდის
უკვე 22 დღეა, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა რადიო „მარნეულის“ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს.

27 მაისს რადიო „მარნეულმა“ მარნეულის მერიას ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის გაწეული ხარჯების გასაგებად მიმართა. ჩვენ გვაინტერესებდა, თუ რამდენი ლარი დაიხარჯა ძეგლის რესტავრაციისათვის, საედან გამოიყო სარესტავრაციო თანხა და კონკრეტულად რა სახის სამუშაოები განხორციელდა.

მარნეულის მერიას რადიო „მარნეულის“ წერილზე მაქსიმუმ 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ანუ 9 ივნისამდე, უნდა გაეცა პასუხი, მაგრამ ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.

ჩვენთან საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერისს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა, რომ მერიაში წერილი უკვე მზადაა და ამ დრომდე მერის ხელმოწერას ელოდებიან, რათა წერილი ჩაგვაბარონ.

მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) მარნეულის მერს ძეგლის რესტავრაციისათვის უსაყვედურა და მისი აღება მოსთხოვა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და მარნეულის მერმა ძეგლი საკუთარი სახსრებით გაარემონტა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები