„იმედი მაქვს, რომ ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის“ - რუსლან გაჯიევი საკონსტიტუციო ცვლილებებზე
დღეს, 29 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული მოდელით ჩატარდება.

კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 3.

ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევია.

„მე მხარი დავუჭირე ამ კანონპროექტს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის“ - განაცხადა რუსლან გაჯიევმა რადიო „მარენულთან“ საუბრისას

რუსლან გაჯიევი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ცნობილი არაა თუ ვინ იქნება მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატი. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ლიდერებმა უნდა მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები. საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და მთავარი არხის მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს.

120/30-ზე, ოპოზიციური და მმართველი პარტიის, 8 მარტის, შეთანხმებით, ასე გადანაწილდა პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატთა რაოდენობა. პოლიტიკური პარტიებისათვის დადგენილია 1%-იანი ბარიერი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვემო ქართლში სამი მაჟორიტარული ოლქი იქნება. რუსთავი და გარდაბნის ნაწილი ერთი ოლქი იქნება. მარნეული და გარდაბნის მეორე ნაწილი მეორე ოლქი, ხოლო თეთრიწყარო, წალკა, დმანისი და ბოლნისი ერთ მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანდება.

2016 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიხედვით მარნეული ორ მაჟორიტარულ ოლქად იყო დაყოფილი.

Print