მარნეულის საავიაციო ბაზაზე მცხოვრები 150 ოჯახი სათამაშო მოედნის მოწყობას ითხოვს
მარნეულში, საავიაციო ბაზაზე მცხოვრები 150 ოჯახი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრემბურთის კომბინირებული სათამაშო მოედნის მოწყობას ითხოვს. ოჯახები ახლა ხელმოწერების შეგროვების პროცესში არიან. ნონა სამხარაძე წლებია მარნეულში საავიაციო ბაზაზე ცხოვრობს. როგორც მან რადიო „მარნეულს“ უთხრა, იმედი აქვს, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

„რადგან ტერიტორია არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე, გართულებულია ხოლმე თავდაცვის სამინისტროსგან მოსახლეობაზე დაიხაჯოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანხები და ამიტომ, ადგილობრივ თვითმმართველობას რომ ვკითხეთ, გვითხრეს, რომ წერილი შემოიტანეთო. ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ რაღაც სამართლებრივი მექანიზმი მოიძებნება იმისათვის, რომ მოსახლეობის ინტერესი დაკმაყოფილდეს“ - გვითხრა ნონა სამხარაძემ



კიდევ ერთი მოსახლე, მარიამ ხურციძე განიცდის, რომ მათ დასახლებაში არცერთი გასართობი არ არის. იმედოვნებს, რომ მათ მოთხოვნას დადებითი შედეგი ექნება.

„ჩვენს დასახლებაში არცერთი გასართობი არ არის. ბავშვებს ძალიან სჭირდება მსგავსი რამ. იმედი მაქვს, რომ გაკეთდება. სათამაშო მოედნის მოწყობა ჩვენი, მოსახლეობის დიდი სურვილია და ჩვეი ხმა იქამდე (ადგილობრივი თვითმმართველობა) მიიტანა ჩვენმა ერთ-ერთმა მოსახლემ“

როგორც რადიო „მარნეულს“ მერიაში განუცხადეს, მოსახლეობის მომართვის შემდეგ მუნიციპალიტეტი საკითხს შეისწავლის და მოხდება შესაბამისი რეაგირება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები