ქალების მოტაცება - ორგანიზაციები და აქტივისტები სახელმწიფოს უმოქმედობაზე საუბრობენ
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, 30 ივნისს, სამი მარნეულელი კაცი დააკავეს. მათ ბრალად 23 წლის გოგოს გატაცება ედებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1977 წელს დაბადებულმა ა.ფ.-მ თანამზრახველებთან, 2000 წელს დაბადებულ ი.მ-სთან და 2002 წელს დაბადებულ ი.ი-სთან ერთად გოგო დაოჯახების მიზნით გაიტაცა.

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციების წარმომადგენლები გოგოს გატაცების ფაქტს ეხმიანებიან.

სამოქალაქო მოძრაობა „სალამის“ კაპიტნის ელნურ ალისოის თქმით, დაოჯახების მიზნით გოგოების გატაცების მთავარი მიზეზი სახელმწიფო უწყებების გულგრილობაა. ალისოი ამბობს, რომ სახელმწიფო ლოიალურად ეპყრობა დამნაშავეებს რის გამოც მოსახლეობაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ გოგოების მოტაცება დასჯადი არაა.

„ცალკე განსახილი საკითხია ყოფითი და ინდივიდუალური მხარე, თუ რა მიზეზი იყო გოგოს გატაცების, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მაინტერესებს უფლებადამცველების, პოლიციის, სასამართლოსა და კანონმდებლობის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. დამნაშავეები არ არიან დასჯილი და პოლიცია ეუბნება მხარეებს, რომ აღარ იჩხუბონ და გარკვეულწილად შერიგებისაკენ მოუწოდებს. ესეთი მიდგომა აქვს დღეს სამართალდამცველებს. ჩემი აზრით, უნდა გამკაცრდეს სასჯელი ამ დანაშაულისათვის და უნდა გამკაცრდეს სამართალდამცავი ორგანოს რეაგირება. პოლიციელები უნდა ამოქმედდნენ შეტყობინების მიღების თანავე და აღარ უნდა მიაქციონ ყურადღება თუ რას ამბობენ მხარეები“ - ამბობს ელნურ ალისოი

ელნურის თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც გოგოს დაბრუნების შემდგომ ოჯახს ფაქტის დავიწყება სურს და მოძალადეს უბრალოდ აღარ უჩივის. მისი თქმით, ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა მაინც გააგრძელონ საქმისწარმოება და შესაბამისად დასაჯონ დამნაშავეები.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს ხოჯორნის საჯარო სკოლის პედაგოგი ქამრან ეფენდიევი. მისი თქმით, სახემწიფომ აუცილებლად უნდა დასაჯოს დამნაშავეები.

„გოგოების მოტაცება არის უვიცი და უნამუსო ხალხის საქციელი, აქ ტრადიცია არაფერ შუაში არაა. აზერბაიჯანულ თემში ერთ-ერთ პრობლემას ასევე წარმოადგენს უხუცესები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კონფლიქტის მოგვარებას ცდილობენ. ისინი ოჯახებს შერიგებისაკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, რომ სასამართლოში არ იჩივლონ. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ სახელმწიფომ გააორმაგოს სასჯელი და მიუხედავად დაზარალებულის გადაწყვეტილებისა მაინც დასაჯოს გამტაცებელი“ - ამბობს ქამრან ეფენდიევი

გენდერის სპეციალისტი ნონა სამხარაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ მარნეულში გოგოების გატაცების შემთხვევები ყოველწლიურად ხდება.

„წინა წლებთან შედარებით, სიტუაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ ალბად სათანადოდ არ დაისაჯენ ის ადამიანები ვინც წინა წლებში მსგავსი საქციელი ჩაიდინეს და სწორედ ამიტომ ადამიანები, კაცები, თავს უფლებას აძლევენ ეგრედწოდებული ქორწინების მიზნით აიძულონ გოგო და აღუკვეთონ თავისუფლება. სახელმწიფო სტრუქტურები არიან ძალიან დამთმობები როდესაც საქმე ეხება არაქართულენოვან მოსახლეობას. რატომღაც ჰგონიათ, რომ უფრო დამთმობები უნდა იყვნენ არაქართულენოვანი მოსახლეობის მიმართ რადგან ფიქრობენ, რომ ისინი აბუნტდებიან რაც არასწორი დამოკიდებულებაა“ - გვითხრა ნონა სამხარაძემ

გენდერის სპეციალისტის თქმით, გოგოების მოტაცებას ცნობიერების დაბალი დონე და განათლების დეფიციტიც განაპირობებს.

„გენდერული პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კაცს ჰგონია, რომ ქალი არის მისი საკუთრება რომლის თავისუფლების აღკვეთაც შეუძლია“ - თქვა ნონა სამხარაძემ

მარენულელი გოგოს გატაცების ფაქტს სწავლობს სახალხო დამცველი, უწყებაში გატაცების ფაქტის დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებენ. სახალხო დამცველის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში ძალიან მწვავედ დგას ადრეულ ასაკში ქორწინების, ნიშნობების, პრაქტიკა და ტენდენციად იკვეთება ქორწინების იძულების შემთხვევები და ფიქსირდება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებიც.

„სახალხო დამცველის მხრიდან პრობლემადაა მიჩნეული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი გოგონების ადრეულ ასაკში ქორწინებასა და თანმდევ დანაშაულებზე სათანადო რეაგირება. კვლავ გამოწვევად რჩება თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევებიც, ქორწინების იძულების დანაშაულებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება. არასათანადო რეაგირება, რა თქმა უნდა, ახალისებს ამგვარ დანაშაულებს და შესაძლო დამნაშავეებს უქმნის იმის განწყობას, რომ ჩადენილი ქმედებისთვის მათ მიმართ რაიმე პასუხისმგებლობას არ დადგება“. - გვითხრა მარიამ გვიდიანმა

სახალხო დამცველის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში განაცხადა, რომ ამდაგვარ შემთხვევებზე მაშინ ძლიერდება მუშაობა და ხდება რეაგირება, როდესაც ფაქტი გახმაურდება. ხოლო შემდგომ, როდესაც ფაქტი გარკვეულწილად ჩრდილქვეშ ექცევა, ამ მიმართულებით მუშაობა სუსტდება.

მარიამ გვიდიანის განცხადებით, ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებზე რეაგირების გრძელვადიანი სტრატეგია ან სახელმძღვანელო დოკუმენტი არცერთ უწყებას არ აქვს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები