ენა, მამული, სარწმუნოება - რას ფიქრობს მამუკა ხაზარაძე ეთნიკური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ დღეს, პირველ ივლისს, მარნეულში, რიგირთ ოცდამეოთხე, რაიონული ორგანიზაცია გახსნა.

რადიო „მარნეულის“ ეთერში პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ გეგმებისა და ხედვების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისათვის შესაბამის ღონისძიებებს არ ატერებს.

„ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივი მიდგომა რაც გულისხმობს ყველა მოქალაქის თანასწორუფლებიანობას, უფლებების დაცვას, რაც მას კონსტიტუციით და კანონით ენიჭება. ესაა ჩვენი N1 მიდგომა. მეორეა ის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი ეროვნულ უმცირესობებს, რელიგიურ უმცირესობებს და საერთოდ უმცირესობებს თავიანთი უფლებების გამოხატვაში. მგონი, 21-ე საუკუნეში სირცხვილიც კია ამაზე საუბარი, ეს ესე უნდა იყოს და ამ ურთიერთობის დალაგებაში არ უნდა იყოს ჩარეული ისეთი ორგანო როგორიცა სუსი და ა.შ. ესეთი პრობლემები იჩენს თავს იქ, სადაც სახელმწიფო არის სუსტი, სადაც სახელმწიფოს ეშინია თავისუფალი ადამიანების გამოხატვის“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მნიშვენლოვანია, რომ ხელოვნურად არ მოხდეს ეთნიკური უმცირესობების გვარების პარტიულ სიებში ჩაწერა, რათა მოსახლეობას აჩვენოს, რომ პარტია მრავალეთნიკურია. მისი თქმით, კანდიდატების შერჩევა არა მათი გვარის მიხედვით, არამედ მათი პოლიტიკური აქტივობისა და განათლების მიხედვით უნდა მოხდეს.

„თქვენ ჩემზე კარგად იცით, თუ როგორი სანათესაო გადანაწილებაა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ასევე იცით, რომ ძალიან ცოტა ადგილობრივი კადრია აქ და ადამიანები ჩამოყავთ რუსთავიდან, თბილისიდან. ეს მარტო თქვენი პრობლემა არაა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშია ეს პრობლემა. სახელმწიფო არ ენდობა ადამიანებს და თუ სახელმწიფო თავის მოქალაქეებს არ ენდობა იქ არის სახელმწიფოს პრობლემა და მართვის პრობლემა. ჩვენ უამრავი განათლებული ადამიანი გვყავს მარნეულში და რატომ უნდა ჩამოიყვანო თბილისიდან ადამიანი რომელმაც უნდა იმუშაოს მაგალითად, პროკურორად ან სხვა. ეს ნიშნავს, რომ სისტემა არ გივარგა“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ რადიო „მარნეულის“ ეთერში საუბრისას

ხაზარაძე სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალ დონეზეც. მისი თქმით, სახელმწიფომ ადამიანს არ უნდა დააბრალოს ენის არცოდნა.

„სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ დღემდე მარნეულის მოსახლეობის ნაწილმა სახელმწიფო ენა არ იცის. ჰოლანდიაში რომ ჩახვიდე ემიგრანტად და მოგინდეს პასპორტის აღება იქ სანამ ენას არ ისწავლი, სანამ ისტორიას არ ისწავლი მოქალაქეობას არ გაძლევენ და ამაში სახელმწიფო ეხმარება მათ. აქ სხვა მოცემულობაა, აქ ლაპარაკი პასპორტის მიცემაზე არაა, აქ სახელმწიფომ ინვესტირება უნდა ჩადოს ადამიანებში და არა მარტო ქართული ენის სწავლაში. არ შეიძლება ადამიანებს დააბრალო ის, რაც სახელმწიფოს ფუნქციაა“ - განაცხადა ხაზარაძემ

„ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ რადიო „მარნეულის“ ეთერში დავითგარეჯის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეცდომაა და არასწორია საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისათვის დავითგარეჯის პრობლემის გადაბრალება.

„თუ ხარ სახელმწიფო და გაქვს მეზობელ, მოძმე, სახელმწიფოსთან ურთიერთობა ვფიქრობ, რომ არასწორი მენეჯმენტის პრობლემა უფროა ეს თემა. დავითგარეჯის პრობლემა მოდის საბჭოთა კავშირის დროიდან და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ვერ დადგინდა ეს ყველაფერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ესეთი თემა წამოიწევს ყოველთვის ურევია მესამე ხელი რომელსაც სწორედ ესეთი საუბრების გაღვივება სჭირდება, რომ ვიღაცამ დააბრალოს მარნეულელ აზერბაიჯანელებს, შემდეგ მარნეულელმა აზერბაიჯანელმა თქვას მე რა შუაში ვარ და ა.შ. და ეს ისტორიულად ჩამოყალიბებული ურთიერთობა ამ ორ სახელმწიფოს შორის დააზიანოს. მე მგონია, რომ ორივე სახელმწიფოს სირცხვილია, როდესაც ესეთი საკითხი ესეთ დონეზე ამოდის“ - თქვა მამუკა ხაზარაძემ

გადაცემის დასასრულს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი და პროპორციული კანდიდატების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ-ჯერობით კვალვ უცნობია თუ ვინ იქნება პარტიის მაჟორიტარი კანდიატი მარნეულში. რაც შეეხება პროპორციულ სიას, ხაზარაძის თქმით, მნიშნველობა არა ადამიანის ეთნიკურ წარმომავლობას, არამედ მის გამოცდილებასა და ამომრჩევლის ნდობას მიენიჭება.

რადიო „მარნეული“




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები