სიახლე
შუქის ჩაქრობა და სივრცის არ დათმობა - „სალამის“ თქმით, საჯარო მოხელეები სოფლებში მოსახლეობასთან კომუნიკაციაში ხელს უშლიდნენ
პლატფორმა „სალამი“ არაქართულენოვან მოსახლეობას სახელმწიფო დახმარების პროგრამაში ჩასართველად რეგისტრაციის გავლაში დაეხმარა.

„სალამის“ წევრები ქვემო ქართლის ხუთი მუნიციპალიტეტის 22-ზე მეტ სოფელში ჩავიდნენ და თვითდასაქმებული მოსახლეობა სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი, 300 ლარიანი, დახმარების მისაღებად დაარეგისტრირეს.

სალამის წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრების გამართვის პროცესში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მათ მერის რწმუნებულები სხვადასხვა ხერხებით ხელს უშლიდნენ. რამდენიმე სოფელში აქრობდნენ შუქს და „სალამს“ მოსახლეობის დახმარების შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

„სალამის“ გამგეობის წევრი ფარიდ ასკერი გუნდთან ერთად მარნეულის რვა სოფელში იყო ჩასული. იხსენებს, რომ ყველაზე დიდი პრობლემები სოფელ სადახლოსა და კაპანახჩიში შეექმნათ.

„ჩვენ ძირითადად მივდიოდით ადამიანებთან, უბრალო ბიზნესის მფლობელებთან და მათ ვთხოვდით მუშაობისათვის ფართის გამოყოფას. იყო შემთხვევები, როდესაც ჩაიხანის მეპატრონეებმა გამოგვიყვეს სივრცე და ა.შ. სოფელ კაპანახჩში როდესაც ჩავედით მერის რწმუნებული შეგვხვდა და გვითხრა, რომ აქ არავის არ აქვს პრობლემაო და არავის არ უჭირსო, მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი სოფლებიდან უკვე 10 ადამიანამდე იყო შეკრებილი. საბედნიეროდ, „სალამი“ დიდი პლატფორმაა და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი ამ სოფლიდან იყო და მის სახლში მოვაწყვეთ ოფისი და იქედან ვეხმარებოდით ხალხს. სადახლოშიც გვქონდა პრობლემები. კულტურის ცენტრის შენობაში მივედით, სადაც ახლა ჩაიხანაა გახსნილი, და მის მეპატრონეს ვთხოვეთ ფართის გამოყოფა, გვითხრა, რომ ჩვენი საწინააღმდეგო არაფერი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გვთხოვა, რომ იმ ტერიტორიაზე არ გვემუშავა, სავარაუდოდ, ეშინოდა ვინმეს რამე რომ არ ეთქვა“ - იხსენებს ფარიდ ასკერი

ფარიდის თქმით, ამ შემთხვევებში პრობლემის მთავარ წყაროს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები წარმოადგენდნე. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში მერის წარმომადგენლებმა ქართული ენაც არ იცოდნენ, ხოლო როდესაც ხედავდნენ, რომ სოფელში გარკვეული აქტივობა ხორციელდებოდა, მათ შეეშინდათ, რომ პრობლემები შეექმნებოდათ.

„სალამის“ ერთ-ერთი დამფუძვნებლის ალი მამედოვის თქმით, სოფლის რწმუნებულების მთავარ პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენდა, რომ მათ არ იცოდნენ თუ რისთვის იყვნენ პლატფორმის წარმომადგენლები სოფლებში.

„მათთვის პრობლემას წარმოადგენდა, რომ მერია არ იყო საქმის კურსში და ეშინოდათ, რომ ჩვენ რომელიმე პარტიის წარმომადგენლები არ ვყოფილიყავით. დმანისის სოფელ კამარლოში გვქონდა ასეთი შემთხვევა, რომ ვერ ვიმუშავეთ დილის საათებში წვიმის გამო და შუადღით დავიწყეთ მუშაობა. 4 საათიდან ღამის 10 საათამდე ვმუშაობდით და სადღაც 6-7-ჯერ სპეციალურად გამორთეს შუქი რომ ხელი შეეშალათ. მოსახლეობაც იმას ამბობდა, რომ აქ არასდროს არ ყოფილა ასეთი შემთხვევაო, ასე ხშირად რომ გამორთულიყო შუქიო. ამ სოფლის მერის რწმუნებული და საკრებულოს წევრი იყო ჩვენთან მოსული ერთი დღით ადრე და ჩვენი მუშაობის პროცესიც გადაიღეს და კითხვებიც დაგვისვეს თუ ვინ ვიყავით და საედან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ვუთხარით, მაგრამ მაინც შეგვიშალეს ხელი“ - ამბობს ალი მამედოვი

მამედოვის თქმით, პრობლემები შეექმნათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოშიც.

„ყასაბს ჰქონდა სივრცე, სადაც თავიდან შეგვიშვა. გავასუფთავეთ ეს ადგილი, მოვაწყვეთ ყველაფერი და შემდეგ მოვიდა ეს ადამიანი და გვთხოვა, რომ ადგილი დაგვეტოვებინა, ამბობდა, რომ „ზევიდან“ იყო დაბარებული და ბევრი პრობლემები შეექმნებოდა“ - გვითხრა ალი მამედოვმა

„სალამს“ პრობლემები შეექმნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში, ვახტანგისში. პლატფორმის წევრი აითაჯ ხალილლი იხსენებს, რომ სოფელში მუშაობის დაწყებისას მათთან სოფლის რწმუნებული მივიდა და მათ ჰკითხა, თუ ვინ იყვნენ და რას აკეთებდნენ სოფელში.

„თითქოს ყველაფერი გასაგები იყო ამ ადამიანისათვის, გვითხრა არაა პრობლემაო, მაგრამ მისი წასვლიდან ზუსტად ხუთ წუთში სოფელში ელექტროენერგია გაითიშა და ერთ საათში ჩვენი სამუშაო ტექნიკაც დაჯდა და გაითიშა, ამის გამო ვერ მოვახერხეთ მოსახლეობის დახმარება. თანაც, იმ ადამიანს, ვინც ჩვენ დენს გვაწვდიდა, უსაყვედურა თუ რატომ დაგვეხმარა. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა როდესაც ჩვენს წარმომადგენლებს ხელს უშლიდნენ, ასეთივე პრობლემები სხვადასხვა სოფლებშიც შეიქმნა და სწორედ ამიტომ გვგონია, რომ ამას ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი“ - ამბობს აითაჯ ხალილლი

„სალამმა“ მოსახლეობასთან შეხვედრები და სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისათვის რეგისტრაციის გავლაში დახმარება 20 ივნისს დაიწყეს, სამუშაო პროცესი 10 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას მიიღებენ უმუშევრად დარჩენილი, დაქირავებით დასაქმებული, ასევე თვითდასაქმებული პირები.

არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ან თვითდასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში, ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე, სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით შეუძლიათ დარეგისტრირება.

რადიო "მარნეული"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია