ნარიმანოვის ძეგლის საკითხზე მეუფე გიორგი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს კანონდარღვევაში ადანაშაულებს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე კანონდარღვევაში დაადანაშაულა.

მეუფის განცხადებით, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განსახილად მიმართა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ საკითხის განხილვაზე უარი განაცხადა.

„პირდაპირ რომ ვთქვათ, მისი (საკრებულოს) თავმჯდომარე უარს აცხადებს ეს საკითხი დააყენოს დღის წესრიგში. ამით ის, რა თქმა უნდა, არღვევს კანონს, როგორც მერმა დაარღვია კანონი. ფაქტიურად, ჩვენ არ გვიტოვებენ სხვა გზას, რომ ჩვენთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებები გამოვიყენოთ, მაგრამ ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, ეს ყველამ იცოდეს, ვერავინ და ვერაფერი მე ვერ გამაჩერებს“ - განაცხადა მეუგე გიორგიმ

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაეცა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ყარაიას და გარეჯის საძოვრების აზერბაიჯანზე მიკუთვნების დოკუმენტში ნარიმან ნარიმანოვის ხელმოწერაა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ თვითმმართველობა არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი საზოგადოების მიერ მინიჭებულ ნდობის მანდატს იყენებენ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ესაა სახელმწიფო შეთქმულება, დღეს რაც ხდება“ - განაცხადა მეუფე გიორგიმ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობს. ჩვენთან საუბრისას საკრებულოს საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობისა და გენდერული განყოფილების უფროსმა ია ესებუამ განაცხადა, რომ ნარიმანოვის ძეგლის საკითხი საკრებულოში შესულია. ამ ეტაპზე საკითხს საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისია განიხილავს და შესაბამისად საკითხი საკრებულოს სხდომაზე ჯერ ვერ განიხილებოდა.

მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა 24 მაისს, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მიერ საკვირაო ქადაგებაზე გაკეთებული განცხადების შემდგომ დაიწყო. მაშინ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის მარნეულის მერს ზაურ დარგალს უსაყვედურა და ის კანონდარღვევაში დაადანაშაულა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და მარნეულის მერმა ძეგლი საკუთარი სახსრებით გაარემონტა. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიისაგან ამ დრომდე არ მიუღია ოფიციალურ წერილზე პასუხი, თუ საედან გამოიყო ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები.

მარნეულში არსებული ძეგლების მოვლა-შენახვა მუნიციპალური დასუფთავების სამსახურის პრეროგატივაა. „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის 7 000 ლარამდე დაიხარჯა. მისი თქმით, ორგანიზაციას ძეგლების მოვლა-შენახვისათვის ბიუჯეტში თანხები აქვს გამოყოფილი და ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციაც სწორედ ამ თანხით, მარნეულის მერის ბრძანების საფუძველზე, მოხდა.

Print