მარნეულში მშენებარე კორპუსიდან, საიდანაც მუშა გადმოვარდა, სიცოცხლისათვის საშიში დარღვევები გამოავლინდა
8 ივნისს მარნეულში ერთ-ერთ მშენებარე კორპუსიდან 51 წლის მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით, რუსთაველის N24-ში მშენებარე კორპუსში სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა მაია მიქაიამ განაცხადა, რომ ინსპექტორებმა უბედური შემთხვევის მოკვლევა და ობიექტის ინსპექტირება განახორციელეს.

„ობიექტზე მისულებს დახვდათ დარღვევები, ეს დარღვევები შეფასებული იქნა როგორც კრიტიკული შეუსაბამობა და შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ობიექტზე სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ. იყო სხვადასხვა ტიპის დარღვევები, სამშენებლო სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების დარღვევა. ეს დარღვევები მყისიერ საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩაითვალა როგორც კრიტიკული, და მივიღეთ გადაწყვეტილება სამუშაოების შეჩერების შესახებ“ - განაცხადა მაია მიქაიამ

ინსპექტირების სამსახურის უფროსის განცხადებით, სამუშაოების შეჩერება იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ ობიექტის მფლობელი მითითებულ ხარვეზებს არ გამოასწორებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო რაც, სამშენებლო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რადიო „მარნეული“

Print