სიახლე
ქვემო ქართლის პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო მარნეულელი კაცის ჯარიმა ბათილად ცნო
52 წლის გურბან გურბანოვს, რომელიც სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო დააჯარიმეს, 3 000 ლარის გადახდა აღარ მოუწევს.

გურბან გურბანოვი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ადგეთში 18 აპრილს დააჯარიმეს. სამართალდამცველები მას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაში, კერძოდ კი საჯარო სივრცეში თავშეყრის წესის დარღვევაში ედავებოდნენ.

„მე აქ პურის საყიდლად მოვედი. პურის ყიდვაზეც არაა ნებართვა? მეუბნება (პოლიციელი), ხელში რატომ არ გიჭირავს პურიო. ვეუბნები, რიგში ვიდექი მეთქი. სანამ ველოდებოდი ხალხმა ატეხა ყვირილი პოლიცია მოდისო და გავიქეცით. მეც რომ გავრბოდი დამიჭირეს. მითხრეს გაჩერდი, გაჩერდიო და არ გავჩერდი. გაქცევას ვაგრძელებდი და დამსდევდნენ. მაღალი კაცი იყო. მოვიდა კისრით დამჭირა, თითქოს ადამიანი მოვკალი. და მიმათრიეს მანქანასთან“, - გვითხრა გურბან გურბანოვმა 21 აპრილს

გურბანოვს სამართლებრივი დახმარება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა EMC-მ გაუწია. ორგანიზაციის განცხადებით, სამართალდარღვევის ოქმი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გაასაჩივრეს, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის შემდგომ კი გურბან გურბანოვის მიმართ შედგენიი სამართალდარღვევის ოქმი ბათილად იქნა ცნობილი.

„პოლიციის დეპარტამენტის განმარტებით, აღნიშნულ საქმეში პოლიციის თანამშრომლებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გ. გ.-მ ნამდვილად დაარღვია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, შესაბამისად არ დადასტურდა გ.გ.-ს მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი“ - წერია EMC-ს განცხადებაში

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას EMC-ს იურისტმა ქეთი ჩუთლაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმებულ, კიდევ ხუთ ადამიანს უწევს სამართლებრივ დახმარებას. ერთი მათგანი მარნეულელია, ხოლო ოთხი დმანისელი. კიდევ ერთი მარნეულელის საქმე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა არ დააკმაყოფილა და ახლა საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა, რაც შეეხება ოთხ დმანისელ დაჯარიმებულს, მათ საქმეებთან დაკავშირებით ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.

სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის წესების დარღვევა ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარით, იურიდიული პირებისთვის კი 15 000 ლარით ჯარიმდებოდა.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია