სიახლე
„ამისათვის არსებობს სასამართლო“ - მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე მეუფე გიორგის ბრალდებას ეხმიანება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიოგის (ჯამდელიანი) ბრალდებას ეხმიანება.

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მეუფე გიორგის ექმნება შთაბეჭდილება, რომ ის კანონს არღვევს სასამართლოში ჩივილი შეუძლია.

„მიუხედავად იმისა, რომ მეუფეს მიმართ კარგი განწყობა მაქვს და პატივს ვცემ, თუ მას აქვს ეგეთი შთაბეჭდილება, რომ მე კანონს ვარღვევ ამისათვის არსებობს სასამართლო და თუ მე კანონს ვარღვევ ამისათვის პასუხს მომთხოვენ. ამისათვის მზად ვარ. თუ სადმე გამოიკვეთება, რომ საკრებულოს თავმჯდომარე კანონს არღვევს, პასუხისმგებლობისათვის მზად ვარ“ - განაცხადა ამირან გიორგაძემ

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე 12 ივლისის საკვირაო ქადაგებისას კანონდარღვევაში დაადანაშაულა.

მეუფის განცხადებით, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განსახილად მიმართა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ საკითხის განხილვაზე უარი განაცხადა.

„პირდაპირ რომ ვთქვათ, მისი (საკრებულოს) თავმჯდომარე უარს აცხადებს ეს საკითხი დააყენოს დღის წესრიგში. ამით ის, რა თქმა უნდა, არღვევს კანონს, როგორც მერმა დაარღვია კანონი. ფაქტიურად, ჩვენ არ გვიტოვებენ სხვა გზას, რომ ჩვენთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებები გამოვიყენოთ, მაგრამ ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, ეს ყველამ იცოდეს, ვერავინ და ვერაფერი მე ვერ გამაჩერებს“ - განაცხადა მეუგე გიორგიმ

მარენულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საკრებულოში ნებისმიერი წერილის შეტანის შემდგომ საკითხის ძირფესვიანი შესწავლაა საჭირო.

„არსებობს შესაბამისი უწყებები საიდანაც ჩვენ პასუხები გვჭირდება. ამ პასუხების საფუძველზე შესაბამისი კომისია განიხილავს საკითხ, მიიღებს გადაწყვეტილებას რომ საკითხი საკრებულოზე გავიდეს და ა.შ. ჩვენ დროში კანონი არ გვზღუდავს, ამიტომ ვერავინ ვერ დაგვადანაშაულებს იმაში, რომ ჩვენ რაღაც კანონებს ვარღვევთ. თუ ვინმეს იმის განცდა აქვს, რომ საკრებულო იქცევა უკანონოდ, ამისათვის არსებობს შესაბამისი გზა, სასამართლო“ - განაცხადა ამირან გიორგაძემ

მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა 24 მაისს, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მიერ საკვირაო ქადაგებაზე გაკეთებული განცხადების შემდგომ დაიწყო. მაშინ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის მარნეულის მერს ზაურ დარგალს უსაყვედურა და ის კანონდარღვევაში დაადანაშაულა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და მარნეულის მერმა ძეგლი საკუთარი სახსრებით გაარემონტა. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიისაგან ამ დრომდე არ მიუღია ოფიციალურ წერილზე პასუხი, თუ საედან გამოიყო ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები.

მარნეულში არსებული ძეგლების მოვლა-შენახვა მუნიციპალური დასუფთავების სამსახურის პრეროგატივაა. „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის 7 000 ლარამდე დაიხარჯა. მისი თქმით, ორგანიზაციას ძეგლების მოვლა-შენახვისათვის ბიუჯეტში თანხები აქვს გამოყოფილი და ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციაც სწორედ ამ თანხით, მარნეულის მერის ბრძანების საფუძველზე, მოხდა.

| Print |