"ესაა გამაფრთხილებელი გამოსვლა" - მეუფე გიორგი მარნეულში გამართულ აქციაზე
დღეს, 16 ივლისს, მარნეულის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.
აქციას ესწრებოდნენ მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი, სასულიერო პირები და მოსახლეობა. აქციის მთავარი მოთხოვნა კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი და მის ნაცვლად ხუდია ბორჩალოელისა და ერეკლე მეორის საერთო ძეგლის დადგმაა.

"ეს აქცია არაა, ესაა საზოგადოებრივი თავშეყრა, სადაც საზოგადოებამ თავისი პოზიცია დააფიქსირა. ესაა გამაფრთხილებელი გამოსვლა და მოწოდება ადგილობრივი ხელისუფლებისადმი, რომ მათზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულონ. თუ ასე არ მოხდა, მათი კანონიერი პასუხისმგებლობაც დადგება, ალბად ცენტრალური ხელისუფლების მხრიდანაც" - განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგმ (ჯამდელიანი).

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია და მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ამდაგვარი გამოსვლები კვლავ გაგრძელდება.

"მთელი პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ ეს ძეგლი ვერ დარჩება თავის ადგილას, რაც შეეხება თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენთვის მონიჭებულ ყველა კონსტიტუციურ უფლებას გამოვიყენებთ" - თქვა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი)
სიტყვით გამოსვლისას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებულ მოვლენებზე გამოკითხა.

აქციის მონაწილეები მარნეულის მერიისა და საკრებულოსაგან პასუხს ელოდნენ, მაგრამ არც მერი და არც საკრებულოს თავმჯდომარე აქციის მონაწილეებთან შესახვედრად არ გამოსულა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე 12 ივლისის საკვირაო ქადაგებისას კანონდარღვევაში დაადანაშაულა.

მეუფის განცხადებით, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განსახილად მიმართა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ საკითხის განხილვაზე უარი განაცხადა.

მარენულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საკრებულოში ნებისმიერი წერილის შეტანის შემდგომ საკითხის ძირფესვიანი შესწავლაა საჭირო.

„არსებობს შესაბამისი უწყებები საიდანაც ჩვენ პასუხები გვჭირდება. ამ პასუხების საფუძველზე შესაბამისი კომისია განიხილავს საკითხ, მიიღებს გადაწყვეტილებას რომ საკითხი საკრებულოზე გავიდეს და ა.შ. ჩვენ დროში კანონი არ გვზღუდავს, ამიტომ ვერავინ ვერ დაგვადანაშაულებს იმაში, რომ ჩვენ რაღაც კანონებს ვარღვევთ. თუ ვინმეს იმის განცდა აქვს, რომ საკრებულო იქცევა უკანონოდ, ამისათვის არსებობს შესაბამისი გზა, სასამართლო“ - განაცხადა ამირან გიორგაძემ 14 ივლისს. 

მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა 24 მაისს, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მიერ საკვირაო ქადაგებაზე გაკეთებული განცხადების შემდგომ დაიწყო. მაშინ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის მარნეულის მერს ზაურ დარგალს უსაყვედურა და ის კანონდარღვევაში დაადანაშაულა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და მარნეულის მერმა ძეგლი საკუთარი სახსრებით გაარემონტა. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიისაგან ამ დრომდე არ მიუღია ოფიციალურ წერილზე პასუხი, თუ საედან გამოიყო ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები.

მარნეულში არსებული ძეგლების მოვლა-შენახვა მუნიციპალური დასუფთავების სამსახურის პრეროგატივაა. „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის 7 000 ლარამდე დაიხარჯა. მისი თქმით, ორგანიზაციას ძეგლების მოვლა-შენახვისათვის ბიუჯეტში თანხები აქვს გამოყოფილი და ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციაც სწორედ ამ თანხით, მარნეულის მერის ბრძანების საფუძველზე, მოხდა.
Print